საქართველოში დემოგრაფიული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. 2026 წლის იანვარ-ივნისში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია,- ქვეყანაში 4,715-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
დადებითი ბუნებრივი მატება მხოლოდ ორ რეგიონში თბილისსა (424) და აჭარაში (330) დაფიქსირდა, რაც ამ რეგიონებში ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის კონცენტრაციით აიხსნება.
ჯამურად კი ქვეყანაში უკვე მეშვიდე წელია მუდმივად მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020-2025 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს 38,852-ით გადააჭარბა, რაც პრობლემის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. ბოლო 10 წლიან მონაცემებს რომ შევხედოთ და ქრონოლოგიურად გავყვეთ, ვითარება შემდეგნაირია: 2015–2019 წლებში ბუნებრივი მატება დადებითი იყო, თუმცა შობადობის შემცირების გამო ტენდენცია ეტაპობრივად უარესდებოდა. 2020–2021 წლებში პირველად დაფიქსირდა უარყოფითი ბალანსი. COVID-19-ის პანდემიის ფონზე გაიზარდა სიკვდილიანობა და შემცირდა შობადობა. 2022–2023 წლები: პანდემიის დასრულების მიუხედავად, ბუნებრივი კლება გაგრძელდა, რისი მთავარი მიზეზიც შობადობის დაბალი დონე გახდა. რაც შეეხება 2024–2025 წლებს: შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, სიკვდილიანობა კი ისევ გაიზარდა. 2025 წელს უარყოფითმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნიშნულსაც კი გადააჭარბა.
ბოლო განახლების მიხედვით კი რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს ითვლის, - დაიბადა 17,509 ბავშვი (210-ით ნაკლები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო გარდაიცვალა 22,224 ადამიანი. ბუნებრივი კლების ოდნავი შემცირება მხოლოდ სიკვდილიანობის კლებამ განაპირობა და არა შობადობის ზრდამ.
საქსტატის მონაცემებით, 2015-2025 წლებში შობადობის კოეფიციენტი 1000 მოსახლეზე 15.9-დან 9.6-მდე შემცირდა (დაახლოებით 36%-იანი კლება). გაეროს მოსახლეობის ფონდის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, პრობლემის ბირთვს რეპროდუქციული ასაკის ანუ 15-49 ასაკობრივი ჯგუფის ქალების რაოდენობის შემცირება წარმოადგენს, რაც 1995-2023 წლებში 32.5%-ით შემცირდა. ანუ 90-იან წლებში დაფიქსირებულმა დაბალმა შობადობამ შეამცირა იმ თაობის მოცულობა, რომელიც დღეს რეპროდუქციულ ასაკშია. ამას თან ერთვის მაღალი მიგრაცია - 15-49 წლის ქალებში მიგრაციული ბალანსი უარყოფითია და ცხადია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები: ისეთი როგორიც არის პირველი შვილის გაჩენის გადავადება, ქორწინების საშუალო ასაკის ზრდა, განქორწინებების მატება და მომავლის მიმართ არსებული არასტაბილურობის განცდა. შედარება რომ გავაკეთოთ ევროპის რეგიონთან, ისე გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ჯამური შობადობის კოეფიციენტი საქართველოში 1.7 ბავშვს შეადგენს ერთ ქალზე, რაც მოსახლეობის ჩანაცვლებისთვის საჭირო ზღვარს ქვემოთაა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი შობადობის კოეფიციენტისა, კვლავ აღემატება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებლებს, სადაც ეს მონაცემი 1.49 და 1.39-ია. ექსპერტთა შეფასებით, სანამ ქვეყანა ვერ შეძლებს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის შენარჩუნებას და ოჯახის დაგეგმვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, ბუნებრივი კლების სტრუქტურული ტენდენცია გაგრძელდება.
რამდენად აზიანებს ეკონომიკას დემოგრაფიული მაჩვენებლები?
სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - ეკონომისტი;






























