მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატები და რესპუბლიკელები “შათდაუნის” თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ

კონგრესი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატის რესპუბლიკელ და დემოკრატ წევრებს შორის შეთანხმება შედგა და მთავრობის “შათდაუნი”, იგივე დახურვა ამ ეტაპზე აღარ გამოცხადდება.

არსებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 6-პუნქტიანი საბიუჯეტო კანონპროექტიდან საიმიგრაციო დეპარტამენტის დაფინანსების საკითხს დროებით ამოიღებენ და მასზე მსჯელობას კვლავ გააგრძელებენ. ამ ნაბიჯით ქვეყნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სააგენტოები, მათ შორის პენტაგონი და ჯანდაცვის დეპარტამენტი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ, თუმცა ტრამპი არ გამორიცხავს, რომ დროებითი “შათდაუნი” ამ შაბათ-კვირისთვის მაინც გამოცხადდეს, რადგან სენატში დანარჩენი კანონპროექტების განხილვა შეიძლება გაიწელოს და პროცედურული მიზეზების გამო, განხილვის დასრულება და ხმის მიცემა დღის ბოლომდე ვერ მოესწროს.

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ასევე შეთანხმდნენ, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს დაფინანსებას კიდევ ორი კვირით გაუხანგრძლივებენ, რათა ამ დროის განმავლობაში მოლაპარაკებების გაგრძელება სტაბილურ გარემოში შეძლონ და ისეთი შეთანხმების მიღწევა მოახერხონ, რომელიც ორივე პარტიის ინტერესებს გაითვალისწინებს. ცნობისთვის, აღნიშნული 6-პუნქტიანი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებას კონგრესის მეორე პალატაში 60 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ხელისუფლებაში მყოფ რესპუბლიკურ პარტიას კი საკმარისი ხმები არ აქვს და თანამშრომლობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან უწევს. შეგახსენებთ, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო სამსახურის აგენტებმა 37 წლის ამერიკელი ექიმი ალექს პრეტი მოკლეს. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ როცა მას ცეცხლი გაუხსნეს, ის უკვე განიარაღებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები