სპარტელებო, დღეს ჩვენ საიქიოში ვივახშმებთ!
მეფე ლეონიდე, თერმოპილეს ბრძოლა, 480 წელი ჩვ.წ.აღ-მდე
პოლიტიკურად ერთიანი ევროპის იდეა, რა თქმა უნდა, არ იღებს სათავეს მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც შეიქმნა ევროპული გაერთიანებები, დღევანდელი ევროკავშირის წინამორბედები.
ევროპის (საბერძნეთის), როგორც „თავისუფლების მიწის“ კონცეფცია გაჩნდა ჯერ კიდევ ჩვ. წ.აღ-მდე V საუკუნეში, როდესაც ძველბერძნული პოლისები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა შემოსეულ მტერს, სპარსეთს. ბერძნებისთვის ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ სამშობლოსთვის, არამედ ეს იყო დემოკრატიის ბრძოლაც ტირანიასთან. იცვლიდა და იცვლის სახეს დემოკრატია, იცვლიდა და იცვლის სახეს ტირანია, მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება მთელ მსოფლიოში.
საუკუნეების განმავლობაში ევროპა არსებობდა როგორც მითი, როგორც იდეა, როგორც გეოგრაფიული არეალი, როგორც იდენტობის წყარო, როგორც საზღვარი. და ის ყოველთვის არსებობდა, როგორც სივრცე, ხანდახან რეალური, ხშირადაც კი მენტალური, სადაც ადამიანის ღირსება და თავისუფლება უზანაესი იყო. ეს არის ადგილი, რომელიც თავისუფალია უცხოელი დამპყრობლებისგან.
დღევანდელი ევროკავშირი ღირსეულად ატარებს თავისი სამი უმთავრესი ფუნდამენტის მემკვიდრეობას: ძველბერძნული ლოგიკა და რაციონალიზმი, რომაული წესრიგი და სამართალი, ქრისტიანული თანალმობა და თანაგრძნობა. ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორუფლებიანობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებზე. ევროპული საზოგადოების მახასიათებლებია პლურალიზმი, არადისკრიმინაცია, მოთმინება, სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალის და კაცის თანასწორობა.
მაშ, საით, თუ არა ევროპისკენ?
ავტორი - ირაკლი ლაითაძე