არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს ხელმძღვანელი, ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს.
"მე რა სფეროშიც მიმუშავია [ბოლო ათ წელზე მეტი ხანი] ვფიქრობ, ყველაზე რთულ სექტორს და მიმართულებას ეხებოდა. ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა და ზოგადად დემოკრატიის განვითარება.
დემოკრატიის განვითარებაზე ისე როგორც USAID მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, იმავე მასშტაბით ფინანსური ან ექსპერტული დახმარების თვალსაზრისით სხვა დონორები ვერ მუშაობდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ასეთი გამოცდილება იყო. პროექტები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით ეს მთავრობებს არ სჭირდებათ. ეს არის კონკრეტულ ინსტიტუტებში ანტიკორუფციული მიმართულება, მოსამართლეების დამოუკიდებლობა, ეს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები კი არ არის, არამედ ხალხისთვის", - ამბობს ციმაკურიძე.
იანვრის ბოლოს თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეაჩერება აღმოჩნდა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია,მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა და სხვა ქვეყანაში ასობით პროექტზე 68 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებდნენ.ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორისაც არის საქართველოც.



























