15 თებერვალს Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ინდექსის 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო “ჰიბრიდული რეჟიმების” მქონე ქვეყანათა სიას მიეკუთვნება, ინდექსის მაქსიმალური 10 ქულიდან კი, ქართული დემოკრატია 5.20 ქულით შეფასდა, ზუსტად ისევე, როგორც 2022 წლის ინდექსით.
EIU ქვეყნების დემოკრატიებს 5 კრიტერიუმით აფასებს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.
მათგან ყველაზე მაღალი შეფასება, 7 ქულა, საქართველომ პირველ კატეგორიაში - საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში მიიღო. ყველაზე დაბალი, 3.57 ქულით, შეფასდა საქართველოს მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური კულტურა - 3.75 ქულით, სამოქალაქო თავისუფლება - 5.59 ქულით, ხოლო პოლიტიკური მონაწილეობა 6.11 ქულით შეფასდა.
საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი მე-18-ს.
Economist Intelligence-მა საქართველოსთან ერთად, ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყანათა ჩამონათვალში მოახვედრა თურქეთი, სომხეთი და უკრაინაც. რუსეთი და აზერბაიჯანი კი ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში არიან.
რეგიონის ქვეყნების პოზიცია, ინდექსის თანახმად, შემდეგნაირად გადანაწილდა:
სომხეთი - 84-ე ადგილი - 5.42 ქულა
საქართველო - 89-ე ადგილი - 5.20 ქულა
თურქეთი - 102-ე ადგილი - 4.33 ქულა
აზერბაიჯანი - 130-ე ადგილი - 2.80 ქულა
რუსეთი - 144-ე ადგილი - 2.22 ქულა