მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დემოკრატიის ინდექსში საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ვარდნა აქვს

5c3602571c190
ელენე კვანჭილაშვილი
09.01.19 18:14
2427
“საქართველოს დემოკრატიის ინდექსის ვარდნა ყველაზე მკვეთრი იყო რეგიონში“ – ასეთია ანალიტიკური კვლევითი კომპანია The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის კვლევის შედეგი, რომელსაც ჟურნალი The Economist აქვეყნებს.

2018 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, 10-ქულიანი სისტემით, საქართველოს 2017 წლის მაჩვენებელი – 5.93 ქულა – 2018 წელს 5.50-მდე შემცირდა.

საქართველოს მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესების მიზეზებს კვლევა დეტალურად განმარტავს: „საქართველოს მილიარდერი ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა, განაახლა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ არჩეული თანამდებობა არ უკავია, მთავრობის პოლიტიკა შეცვალა. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ივნისში გადადგა და მისი გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად ივანიშვილთან უთანხმოებები დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ასევე ჩაერია საპრაზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივით. ამან მთავრობას მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციასთან შედარებით”, - წერია კვლევაში.

2018 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში. მასთან ერთად ამ კატეგორიაში ხვდება დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდობა, სომხეთი და ყირგიზეთი. თუმცა, 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ევროპის ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის, დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მეტად სწორედ სომხეთმა გააუმჯობესა: მისი სარეიტინგო ქულა ერთი წლის განმავლობაში 4.11–დან 4.79–მდე გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, ჰიბრიდული რეჟიმები ჯამში 39 ქვეყანაშია, რაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების საერთო რაოდენობის (167 ქვეყანა) 23.4%–ს შეადგენს, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 16.7%–ია. ამავე კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ქვეყნების უმრავლესობაში ე.წ. flawed democracy ანუ წუნდებული დემოკრატიაა. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ავტორიტარული რეჟიმების რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ (53 ქვეყანა) ჩამორჩება ამ მაჩვენებელს. ავტორიტარული რეჟიმი კვლევაში მონაწილე ქვეყნების 32.9%–შია, რაც მსოფლიო მოსახლეობის 43.2%–ს ფარავს. გამართული დემოკრატია მსოფლიოს მხოლოდ 12 ქვეყანაშია, რაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების 12%, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 4.5%–ია.

ევროპის მასშტაბით, საქართველოს გარდა, დემოკრატიის ინდექსი მკვეთრად გაუარესდა იტალიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, თურქეთსა და რუსეთში.
The Economist–ის ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების ხუთეულია: ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები