მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დენის ტარიფის ზრდა არ გვიხარია, თუმცა ეს პურის ფასზე არ აისახება - მალხაზ დოლიძე

მალხაზ დოლიძე

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ფასზე არ აისახება.

როგორც დოლიძემ BMG-ის განუცხადა, პურის ცხობაში ელექტროენერგიას შედარებით ნაკლები წილი აქვს და საცხობები უფრო მეტად ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებული.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასევე სტაბილურია ფქვილის ფასიც, შესაბამისად, ჯერჯერობით პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა.

“ჩვენ ყველაზე მეტად გაზის პრობლემა გვაწუხებს ხოლმე. პურს ვაცხობთ ბუნებრივ აირზე. რაც შეეხება ელექტროენერგიას, უმნიშვნელოდ ვხარჯავთ. ამიტომ ჩვენთვის ელექტროენერგიის ხარჯი ამდენად [პრობლემური] არ არის. ელექტროდამზოგი განათებები გვაქვს და ამიტომ არ ვხარჯავთ [დიდი რაოდენობით]. რა თქმა უნდა, არ გვიხარია, რომ იზრდება დენის ტარიფი, მაგრამ ეს არ აისახება პურის ფასზე.

ჯერჯერობით ხორბლის ფასი სტაბილურია, 90 თეთრია შემოსული ხორბლის ფასი, ფქვილის ფასიც სტაბილურად არის და ამიტომ არაფრის ფასი ჯერ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ ელოდებით ფასების ზრდას პურზე”, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ცნობისთვის, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდება ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით იზრდება, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები