"Dentos – Dental Ecosystem" - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 20 გამარჯვებულ სტარტაპს შორის, ერთ-ერთია.
სტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი ტექნოლოგია) სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას უზრუნველყოფს. კერძოდ, „დენტოსი“ სტომატოლოგიურ კლინიკებს საშუალებას აძლევს თავიანთი სერვისები მუდმივად ხელმისაწვდომი გახადონ. პროდუქტი გათვლილია კაბინეტურ, მცირე, საშუალო და დიდ სტომატოლოგიურ კლინიკებზე, რაც ამ ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მართონ კლინიკის შიდა პროცესები, იყვნენ მუდმივ კავშირზე მომხმარებელთან, გააცნონ მათი აქციების და სერვისების შესახებ ტრადიციული მარკეტინგული სტრატეგიების გარეშე, სინქრონულ რეჟიმში შეინახონ მონაცემთა ბაზები, პაციენტების ისტორიები, პერსონალური და სხვა ინფორმაცია დაცულ სერვერზე; ასევე, პირდაპირ რეჟიმში ადევნონ თვალი თანამშრომელთა აქტივობას ნებისმიერი ქალაქიდან და ყველაზე მთავარი - დაზოგონ ადამიანური რესურსები, დრო და ფინანსები.
DENTOS-ის მომსახურების სტანდარტული პაკეტის ფასი თვეში 99 ლარიდანაა.
როგორც BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ბეჟანიშვილმა განუცხადა, სისტემაზე მუშაობა, დაახლოებით, 1 წლის წინ დაიწყეს და პროექტმა განვითარების ყველა ეტაპი გაიარა, რათა სტომატოლოგიური კლინიკების რეალურ პროცესებს სრულად მორგებოდა.
როგორც გავარკვიეთ, კომპანია ამ ეტაპზე, დაახლოებით, 20 კლინიკასთან თანამშრომლობს და 15 ადამიანს ასაქმებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი ბეჟანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი კომპანიას არსებული ფუნქციების დახვეწაში, სიახლეების დამატებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება.
ახალ ბაზრებს შორის კი, პირველ რიგში, მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს მოიაზრებს, თუმცა გეგმაში ბაზრების მეტად გაფართოებაც აქვს.
„დენტოსს“ სულ 3 დამფუძნებელი ჰყავს. კომპანიის საწყისი ინვესტიცია 250-300 ათასი ლარის ფარგლებშია.