მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ბიუჯეტისთვის ფისკალურ რისკებს ატარებს - აუდიტის სამსახური

ლარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემა ფისკალური რისკების მატარებელია. ამის შესახებ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ აუდიტის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე კომერციული ბანკი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე დადგება, ეს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის როგორც მზღვეველისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაღების ვალდებულებას წარმოშობს, რასაც სააგენტოს არსებული ფონდი შეიძლება არ ეყოს. ამჟამად სააგენტოს ფონდის ზომა 285 მილიონ ლარს შეადგენს და მასში საკომისიოს ყველა კომერციული ბანკი იხდის. სააგენტო 30,000 ლარის ფარგლებში ყველა საბანკო ანგარიშს აზღვევს.

"საქართველოში ფისკალური რისკების ერთ-ერთი წყაროა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. აღნიშნული სისტემა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და 2023 წლის ბოლომდე უზრუნველყოფდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევას 15,000 ლარამდე ოდენობით. 2024 წლიდან კი დაზღვევის ლიმიტი 30,000 ლარამდე გაიზარდა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ყველა ბანკში სისტემის მიერ ჯამურად დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 10.7 მლრდ ლარს, ხოლო სადაზღვევო ფონდის ოდენობა - 285 მლნ ლარს შეადგენდა. (დაზღვეული დეპოზიტების 2.7%), საიდანაც 275.4 მლნ ლარი განთავსებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებულ სახაზინო ფასიან ქაღალდებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკისა (GFSM 2014) და სახელმწიფო ვალის სტატისტიკის (PSDS 2013) სახელმძღვანელოების მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სქემა წარმოადგენს სავალო ვალდებულებების ერთ-ერთ ინსტრუმენტს. GFSM 2014-ის მიხედვით, აღნიშნული სქემა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შესაძლოა დაკლასიფიცირდეს სამთავრობო სექტორის ნაწილად ან სახელმწიფო ფინანსურ კორპორაციად (სახელმწიფოს სადაზღვევო კორპორაციად). ორივე შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა წარმოქმნის ფისკალურ რისკს პირდაპირი ან პირობითი ვალდებულების ფორმით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მომდინარე პოტენციური რისკების შესახებ. ფინანსური სექტორიდან, მათ შორის ამ სქემიდან მომდინარე ფისკალური რისკების ანალიზის მნიშვნელობაზე ასევე აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების 2024 წლის ანგარიშშიც", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებაში.

2025 წლის მაისის მდგომარეობით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ბანკები ყოველთვიურად 6 მილიონი ლარის შენატანებს ახორციელებენ, 2025 წლის 5 თვეში კი ჯამური შენატანები 29 მილიონი ლარი იყო.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო აღნიშნული თანხების ინვესტირებას სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები