დეპოზიტების დაზღვევა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. შესაბამისი კანონი ძალაში 2018 წლიდან შევა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავამ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, შეიქმნება დამოუკიდებელი ფონდი, რომელსაც ეყოლება საკუთარი მმართველი ან ის შესაძლოა მართვაში სხვა ორგანიზაციას გადაეცეს, მათ შორის ეროვნულ ბანკს. როგორც ლეჟავამ განმარტა თავდაპირველად ფონდის მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება.
"ფინანსური სექტორის უსაფრთხოებისთვის არის გამოცდილება, რომ იქმნება 4 ინსიტუტი: ზედამხედველობა, ლიკვიდობის ინსტიტური, ე.წ. ბანკების რეზოლუცია, და დეპოზიტების დაზღვევა, - რაც ითვალისწინებს იმას, რომ თუ ბანკს შეექმნება პრობლემა, ეს არ გადაიზარდოს პანიკაში და არ გადაეცეს სხვა ბანკებს.
დაზღვეული დეპოზიტების დაახლოებით 20 პროცენტი გროვდება ხოლმე ფონდში, თუ მოთხოვნა მეტი იქნება მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს თანხებს, რათა დეპოზიტარები დაკამყოფილდნენ", - განაცხადა ლეჟავამ.
კომერცული ბანკების მხრიდან კანონპროექტზე შენიშვნები იქნა წარმოდგენილი. ლეჟავა განმარტავს, რომ შენიშვნები უმეტესად კანონპროექტის მუხლების დაზუსტებას ითვალისწინებდა. მათ შორის, იმ მუხლისას, რომელიც ფონდში არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

























