დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, მისი ამოქმედებიდან დღემდე 3 მილიონ 880 ათასი ლარია აკუმულირებული, მარტში კი სადაზღვევო შენატანმა მილიონ 207 ათასი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ გადაცემა ,,საქმის კურსში“ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფონდი აკუმულირებული თანხების ინვესტირებას სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში ახდენს.
ძიძკაშვილი ამბობს, რომ არ გამართლდა ბანკების განცხადებები, რომლის მიხედვითაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება საპროცენტო განაკვეთებს გაზრდიდა.
"ყოველთვიური შენატნი იმდენად მცირეა ბანკების შემოსავლებთან შეფარდებით, რომ ამას საპროცენტო განაკვეთებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. ერთია რა განცხადებას აკეთებდნენ და მეორეა რა არის რეალობა. წელს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დაფინანსება ბანკებს 13 მილიონით მოუწევთ, იმ პირობებში რომ მათი შემოსავალი 4 მილიარდი ექნებათ. აქედან გამომდინარე, დეპოზიტების დაზღვევა ფინანსურად არანაირ წნეხს არ წარმოადგენს", -განაცხადა ძიძიკაშვილმა.
მისი თქმით, დაზღვეული დეპოზიტის 5 ათას ლარიანი ლიმიტი 2020 წლისთვის გაიზრდება. "კანონის თანახმად 2020 წელს ახალი ზღვარი უნდა დადგინდეს. ეს უნდა იყოს გონივრულ ზღვარი, მოსახლეობის უფრო დიდ ფენას მოიცავდეს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს", - აღნიშნა ძიძიკაშვილმა.

























