„ეკონომიკის ფორმალირება მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად“,-ასე განმარტავს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი BM.GE-სთან საუბარში მის მიერ დაყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ბაზრობზე სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების გადავადებას 2023 წლამდე გულისხმობს.
„2020 წლიდან აღნიშნული კანონის ამოქმედება აუცილებლად გამოიწვევს მთელ რიგ პრობლემებს და ძირითადად რიგითი მოვაჭრეები დაზარალდებიან. ვითარება დახლებზე მოვაჭრე ადამიანიების უმრავლესობისთვის ისედაც ძალიან რთულია. ბევრი სტაციონარული სავაჭრო ადგილი იხსნება, რის გამოც დახლები ნახევრად ცარიელია, ხოლო დარჩენილ მოვაჭრეებს შემოსავლები შეუმცირდათ. ტექნიკურადაც ამის განხორციელება ცალკე პრობლემაა. ამას გარდა ბაზრობების ორგანიზატორებს, რომლებიც ვალდებულები არიან სალარო აპარატებით უზრუნველყონ მოვაჭრეები, დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ, რაც ავტომატურად ბაზრობაზე მოვაჭრეებისთვის გადასახადის გაზრდას გამოიწვევს. თავად მათი ვაჭრობის მექანიზმიც სხვაგვარია, მაგალითად რამდენიმე მოვაჭრე ერთმანეთის ნივთებსაც ყიდის, ამიტომ სადაც გაიყიდა ნივთი სალარო აპარატმა იქ უნდა იმუშაოს, თუმცა ნივთის მფლობელი სხვაა, მოკლედ საკმაოდ რთული დასაორგანიზებელია და ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან ბევრი კომპლექსური ღონისძიებაა გასატარებალი“- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.
შეგახსენებთ, “საგადასახადო კოდექში” 2017 წელს განხორციელებული ცვლილებებით, 2020 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოიყენოს.

























