„მთელი საქმეა შეკერილი, არ შეიძლებოდა საქმის კურსში არ ყოფილიყო მინისტრი“, -ამის შესახებ დეპუტატმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის გაცემული ნებართვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, უკვე გაუქმებულია.
დუპუტატის თქმით, ფოთში ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის წინასწარი ნებართვის ბრძანებას თან ახლავს წერილები, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერშია სამინისტროში შესული.
შესაბამისად, ჭიჭინაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მოკლე დროში არ არის მიღებული და არ შეიძლებოდა ეკონომიკის მინისტრი საქმის კურსში არ ყოფილიყო.
„ჟურნალისტებს რომ არ ეაქტიურათ, პორტი შეიძლება ისე ჩუმად აშენდეს, რომ ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა არ იცოდეს. ვფიქრობ, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს ფულს გადაუხდიან, რომ დაიბრალოს და გაჩუმდეს. როგორც გავეცანი მასალებს, არის მიმართვები, წერილები. ეს არ არის ერთი თვის გადაწყვეტილება. 18 ნოემბერს არის შესული წერილები. თუ ეს წერილები სამინისტროში „ლევად“ შედის და არ არეგისტრირებენ და არ განიხილავენ, არ ვიცი. იქ არის ბრძანება, მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეყრდნობიან წერილებს და არის მითითებული ნომრები. მიმდინარეობდა ამის განხილვა, მთელი საქმეა შეკერილი, არ შეიძლება, არ ყოფილიყო საქმის კურსში მინისტრი. მაშინ არ ყოფილა მინისტრი. ნათია თუნავა მინისტრის მოადგილე იყო მაშინ, ეს ხომ არ არის რომელიმე კორპუსის მშენებლობა რომ გაიპაროს შეცდომა, ანაკლიის პორტის კონკურენტი უნდა გამხდარიყო“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამოხმაურებას, რომ ფოთის პორტის განცხადებამ პარტნიორების შეშფოთება გამოიწვია, ჭიჭინაძის შეფასებით, ეს არ იქნებოდა მხოლოდ შეშფოთება და სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მცდარი ნაბიჯი მესიჯი იქნება ყველა პოტენციური ინვესტორისთვის, რომ საქართველოში ფული არ დააბანდონ.
„მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ შეშფოთება არ იყო. ასე აგდებულად პარტნიორებს არ ექცევიან. იქიდან გარკვეული სიგნალი იყო, რომ ანაკლიის პორტი მათ ინტერესს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ სახელმწიფოებრივად უნდა გავცეთ პასუხი მათ და არა ასე ქვეშ-ქვეშურად.
ასეთ ქმედებებს არავინ აპატიებს ამ მთავრობას. მარტო კომერციული ინტერესით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ასეთი მცდარი ნაბიჯების შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციებს არავინ აღარ განახორციელებს“, - აცხადებს bm.ge-ისთან დავით ჭიჭინაძე.

























