დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კომპანია “სისტემ ნეტი” კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ადგილას 28-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს - შესაბამისი მიმართვები და თანხმობის გადაწყვეტილებები დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
ფრიდონ ინჯია პარლამენტში პარტია “ევროპელ სოციალისტებს” წარმოადგენს.
კომპანია “სისტემ ნეტმა” თბილისში კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17,313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული წრიული შენობა 2016 წელს გამართული პირობიანი აუქციონის შედეგად 5 მილიონ ლარად შეიძინა.
სახელმწიფომ აუქციონი პროგრამა “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში ჩაატარა და შესაბამისად, მისი პირობა სწორედ სასტუმრო კომპლექსის განვითარება იყო.
თავად კომპანია “სისტემ ნეტის” მფლობელები ფრიდონ ინჯია და მის ოჯახის წევრები არიან. კომპანიის დირექტორი მისი შვილი ილია ინჯიაა.
ახალი კომპლექსის მთლიანი ფართობი 70 ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს, საიდანაც სასტუმრო 16 ათას კვადრატულ მეტრს, საცხოვრებელი სექია კი 23 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს, ასევე განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები. შენობა შეინარჩუნებს წრიული ავტოსადგომის ფორმას, ხოლო მის გვერდით 28-სართულიანი ნაგებობა აშენდება.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე თანდართული რენდერების მიხედვით პროექტი ასეთი იქნება: