პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან კობერიძემ წლევანდელი საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე, ქვეყანაში „საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ფლანგვაზე“ გაამახვილა ყურადღება.
„ჩემთვის გაუგებარია, ეკონომიკის სამინისტროში როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა თემებზე საბიუჯეტო თანხების გამოყოფასა და განკარგვაზე.
ტურიზმის მიმართულებით ყველა იმ მოვლენის შემდეგ დაგროვილი პრობლემის გადასაწყვეტად, რატომღაც მცირე და საშუალო ბიზნესის ნაცვლად ერთ მსხვილ კომპანიას ფაქტობრივად ასე გამოდის, რომ „აირზენას“, რადგან იმ მიმართულებით სხვა არ დაფრინავს, 600 000 ევრო გამოეყო ერთი დადგენილებით და 600 000 ევრო მეორე დადგენილებით, ეს ჯამში 1 200 000 ევროა.
მე სუბსიდირების პოლიტიკის წინააღმდეგი ვარ, თუ რაიმე გრძელვადიანზე არ გვაქვს საუბარი.
მაგალითად, ახლა როდესაც რთველზეა საუბარი და გლეხების სუბსიდირებაზე, იქ თურმე არ უნდა გამოვიყენოთ ასეთი პრინციპი. მაინტერესებს იმ გლეხებს რას ეუბნება ეკონომიკის მინისტრი? თუ თვითონ როდესაც ჩათვლის საჭიროდ ერთ მსხვილ კომპანიას 5 მლნ ლარი ჯიბეში უნდა ჩაუკუჭოს?,“ - განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

























