მისი თქმით, ადამიანებს რეგულაციის გამო, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები გაუუარესდათ და ფინანსებზე წვდომამ საზოგადოების ფართო ფენა დააზარალა.
„გავიდა პირველი კვარტალი, ხედავთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და მაინც არ აუქმებთ რეგულაციებს, რომელიც აზიანებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ადამიანს, რომელსაც მაცივარი გაუფუჭდება ან სარეცხი მანქანა, ადრე შეეძლო ეს განვადებით გამოეტანა, ახლა ეს შეუძლებელია. რეალურად მოხდა ეს ამბავი, მე დამიკავშირდა ასეთი ადამიანი. რას ეუბნებით მათ, ბატონო კობა? მოიცადოს 1 წელი და სარეცხი არ გარეცხონ? ვისზე ფიქრობდით რეგულაციების შემოღების დროს, იცით თუ არა, რა შემოსავლები აქვს ჩვენს მოსახლეობას? მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე რომ ხართ პასუხისმგებელი, ეს პროცესი ამ სტაბილურობას ხელს უწყობს თუ პირიქით, უშლის? ახლად დაქორწინებული წყვილი, რომელსაც ჯამში, ყოველთვე 2000-2500 ლარის შემოსავალი აქვს, უნდათ იყიდონ ბინა, მათ რა უნდა ქნან?“, - აღნიშნა მან.
კახიძის თქმით, მოსახლეობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ესაჭიროება არა მსხვილი ბიზნესის დასაწყებად, არამედ - ელემენტარული საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.
პარლამენტარმა მცირე მეწარმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავეჯის მწარმოებლებს და მომხმარებლებს რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნათ და პროდუქტის გაყიდვები შეუმცირდათ.

























