საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ათვისების ასეთი დაბალი ტემპი, როგორც ეს მიმდინარე წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აქამდე არ ყოფილა.
როგორც შიოლაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა, საჭიროა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომელთა ვალდებულება რეგიონალური პროექტების განხორციელება და შესაბამისად, გამოყოფილი თანხების ათვისებაა.
„ჩემთვის ძალიან გასაკვირი და გულდასაწყვეტი იყო, რომ კახეთის მასშტაბით 35 მილიონიდან მხოლოდ 14 მლნ–ია ათვისება, რაც საერთო ჯამში 42% გამოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ ფული არის და ფიზიკურად სამუშოაები არ სრულდება. ასეთი დაბალი ათვისება არცერთ წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ ყოფილა. აქ ანალიზია გასაკეთებელი და მათ შორის, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი, რომელთა დაქვემდებარებაში იყო ათვისების საკითხები. რატომ ვერ მივიდა თითოეული მუნიციპალიტეტის, სოფლის მაცხოვრებლამდე კონკრეტული, მილიონიობით ლარის სიკეთე, რაც აუსთვისებელი დარჩა?“, – განაცხადა შიოლაშვილმა და დასძინა, რომ გასული წლების ანალოგიურ პერიოდში კახეთის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებში თანხების ათვისების მაჩვენებელი 90%–ზე მეტი იყო.
„აქ საუბარია საერთო კოორდინაციაზე, პროფესიონალიზმზე და ყველა მიმართულებაზე, რომელიც კონტროლ ქვეშ უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მოსახლეობამდე მისულიყო ეს სიკეთეები. მე არ გამოვკვეთავ კონკრეტულ პირებს. ანალიზი უნდა გაკეთდეს და ეს იმ ადამიანებმა უნდა გააკეთონ, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ საკითხს, რომ მომავალ წლებში ასეთი პრობლემის წინაშე არ დადგეს ქვეყანა. მათ შორის, რეგიონალური განვითარების სამინისტრომ უნდა გააკეთოს სწორი ანალიზი, ასევე, გუბერნატორის ადმინისტრაცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან რეგიონალურ კოორდინაციას ამ ყველაფერს სწორედ გუბერნატორის ადმინისტრაცია უკეთებს. დაველოდები ჩამოთვლილი მიმართულებებიდან იმ უწყებებს, რომელთაც ასეთი დაბალი ათვისება აქვთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის ერთი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს განსაზღვრული თანხების მომდევნო წლებში გადატანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით.
იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხების დახარჯვა, განმარტება 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტშია მოცემული.
„2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.