დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ საკითხზე პარლამენტში მინისტრების მისვლას ითხოვს.
როგორც ნაცვლიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმებისა, ჭიათურაში მიმდინარე დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი მაინც სურს.
ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ასევე ჯანდაცვის მინისტრების მისვლა ითხოვა.
„მინდა, ჭიათურელებს ეს გამარჯვება მივულოცო. შესაძლებელია, დღეს ეს ადამიანები იმ სიკეთეებს ვერ აცნობიერებენ, რაც მათ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის გააკეთეს, რადგან მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბრძოლით, სოლიდარობით გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია. მიზნის მიღწევა შესაძლებელია და ბრძოლით ყველაფერი გამოვა.
რაც შეეხება მინისტრების დაბარების საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა შეწყდა, ვისაც რეალურად გვაინტერესებს ჭიათურაში რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და რა უსამართლობა ედო საფუძვლად იმ ვნებათაღელვას, რომელიც ჭიათურაში ამ პროცესებს მოჰყვა - პარლამენტში უნდა მოვიდეს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რადგან ამ კუთხით მძიმე ვითარებაა, ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, რადგან ეს დარგი ჩვენი ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ასევე ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და ჭიათურასთან დაკავშირებით თავისი პოზიციები გაგვაცნონ,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა კოლეგებს ინიციატივისთვის მხარის დაჭერისკენ მოუწოდა.

























