„ჭიათურაში რომ საწარმოს მოგება გაიზარდოს, იქ დასაქმებულმა ჭიათურლებმა ამით არ უნდა იხეირონ?“ - ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მათი მოთხოვნების თემას შეეხო.
დეპუტატმა მინისტრს ურჩია, რომ სამმხრივი კომისიის ფორმატი აქტიურად გამოიყენოს.
ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მოგება გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ჭიათურა არის მონოსექტორული ეკონომიკა, იმიტომ რომ ერთი დამსაქმებელი საწარმოა და შესაბამისად, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, დასაქმებული არის ძალიან სუსტი. იცით რა მოხდა? ჭიათურელებს რომ ჰქონდეთ ინფორმაცია, რამდენია კომპანიის მოგება, შესაბამისად, მათი მოთხოვნებიც ყოველთვის იქნება ისეთი, რომელიც მისაღები იქნება როგორც - ერთი, ისე მეორე მხარისთვის. ახლა წამოიდგინეთ, ჭიათურაში რომ საწარმოს მოგება გაიზარდოს, იქ დასაქმებულმა ჭიათურლებმა ამით არ უნდა იხეირონ? მაგრამ საიდან უნდა გაიგონ, როდის მოითხოვონ ხელფასის გაზრდა და როდის - არა, თუ ამ კომპანიის ბალანსი გაუმჭვირვალე იქნება?! ამიტომ ვამბობ, სამთომოპოვებით სფეროს აქვს სხვა სპეციფიკა, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, რადგან ეს ხალხის სიმდიდრეა და შესაბამისად, აქედან მიღებული დოვლათი უნდა გადანაწილდეს ყველაზე უფრო სამართლაინად, ვიდრე ნებისმიერ სხვა დარგში. ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ გაქვთ მექანიზმები. ხანდახან მხოლოდ წერტილოვანი ჩარევები არ არის საჭირო; გაქვთ სამხრივი კომისია და ყოველ წელს დააყენეთ კოლექტიური შეთანხმებების საკითხი“, - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.
შეგახსენებთ: "ჯორჯიან მანგანეზის" 3200-ზე მეტი თანამშრომელი რამდენიმეკვირიანი გაფიცვის შემდეგ 27 მაისს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 1 ივნისიდან მათი ხელფასი 25%-ით გაიზარდა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი, 10%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის: სოციალური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების გარდა მაღაროელები ხელფასების 50%-ით მატებას ითხოვდნენ.

























