მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი სებ-ს: კანონი დაიდოს, თორემ საშინელ კანონს დავწერთ და მერე იხტუნაონ ბანკებმა

5bf81435ea899
თელარა გელანტია
23.11.18 19:20
2169
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კომერციული ბაკების მსხვილი აქციონერებისთვის არაპროფილური ბიზნესების ფლობის აკრძალვას ითხოვს.

პარლამენტარმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუწოდა, გაამზადონ კანონ-პროექტი, რომლითაც მსხვილ აქციონერებს არაპროფილური ბიზნესის ფლობის უფლება არ ექნებათ.

დავით ჭიჭინაძე ირწმუნება, რომ „ასეთი იყო დაპირება, რომელიც პარლამენტის კედლებში დაიდო“.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტსა და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს შორის ამ საკითხზე გარკვეული პოლემიკაც გაიმართა პარლამენტში, სადაც კობა გვენეტაძემ 2019-2021 წლებისთვის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

გვენეტაძე-ჭიჭინაძის კითხვა-პასუხს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

დ. ჭიჭინაძე: სად არის დაპირებული კანონ-პროექტი (ბანკების მსხვილი აქციონერებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის აკრძალვა) ან ჩვენ დავწერთ უფრო საშინელ კანონს ბანკებისთვის...

კ. გვენეტაძე: მინდა შეგახსენოთ, რომ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა - საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა კანონში, რომელმაც ძალიან კარგი საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ ბანკებს არ ჰქონდეთ არაპროფილური აქტივები და ეს ფაქტია - ეს არის კანონში. ის საკითხი, რასაც თქვენ სვამთ, მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრატორებს, კომერციული ბანკების დიდი წილის მფლობელ აქციონერებს აეკრძალოთ სხვა ბიზნესების ფლობა. ეს საკითხი ჩვენ შევისწავლეთ; მოგეხსენებათ, 2016 წლის წლიურ ანგარიშში 6 ქვეყნის მაგალითი მოვიყვანეთ ამასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ისრაელის მოდელთან იყო ახლოს; ეს კანონპროექტი განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და მათი დასკვნა იყო ასეთი, რომ არაა ეს სწორი მიმართულება, რადგან თუ არის რაიმე პრობლემები კონკურენციასთან დაკავშირებით, ეს უნდა გადაწყდეს რეალურ სექტორში კონკურენციის სააგენტოს დახმარებით და ვფიქრობ, პარლმენტარებიც იმუშავებენ ამ საკითხზე....

დ.ჭიჭინაძე: რა მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში ბანკირები არ არიან?

კ.გვენეტაძე: ბანკირებიც არიან და ეკონომისტებიც....

დ. ჭიჭინაძე: ერთი წუთით რა... მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ იყო პირობა, ჩვენ აქ რისთვის ვზივართ ბოლო-ბოლო?! ის კანონი მოგვიტანეთ თუ არადა ჩვენ დავწერთ და მივიღებთ იმ კანონს გაცილებით უარესი სიტუაციით ბანკირებისთვის, ვიდრე დღეს არის; მოიტანეთ კანონი... ეს იყო დაპირება და ეს დაპირება არ მომხდარა ქუჩაში ეს მოხდა პარლამენტის კედლებში... მე ვერ გავიგე, თქვენ თუ კანონებს იმიტომ იღებთ, რომ ამ კანონებს მერე კანონიერად გვერდი აუარონ, ჩვენ ამისთვის არ ვიღებთ კანონებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რა შუაშია კონკურენციის სააგენტო?! ადამიანი, რომელიც ირიბად ფლობს არაპროფილურ ბიზნესს, ეს არაა ასაკრძალი?! რატომ მივიღეთ მაშინ ის კანონი?! თქვენ თვითონ თვლით, რომ არაპროფილური საქმიანობა ცუდი საქმეა და რომ ეკონომიკას ვნებს და მაშინ, რატომ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანმა რეალურად განახორციელოს არა - საბანკო საქმიანობა, არმედ კომერციული საქმიანობა?! ის ხომ კონკურენტია ნებისმიერი ადამიანის?! ამაზე იძახდით, რომ „საქართველოს ბანკმა“ გაყოო და „M კვადრატი“ გადის ბანკიდანო?! ამას გვიმტკიცებდით მთავრობა და თქვენ... ამიტომ კანონს მოიტანთ თუ არ მოიტანთ?

რ. გოცირიძე: თვითონ დაწერეთ კანონი ფრაქცია ხართ („პატრიოტთა ალიანსი“) და მხარს დაგიჭერთ...

დ. ჭიჭინაძე: ამათთან იყო შეთანხმებული და იმ ვარიანტზეა საუბრი, თორემ დაწერით დავწერ და იმისთანა საშინელ კანონს დავუწერთ, მერე იხტუნაონ ბანკებმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს შორის ამ საკითხზე პოლემიკა არ გაგრძელებულა.

შეგახსენებთ: 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომერციული ბანკებს ე.წ. არაპროფილური აქტივების ფლობა ეკრძალათ. აღნიშნული ითვალისწინებს იმას, რომ ბანკებს ინვესტირების შესაძლებლობა მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებსა და საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან დაკავშირებულ კომპანიებში აქვთ, ხოლო განსხვავებული პროფილის კომპანიებში მათ პირდაპირ თუ ირიბად ინვესტირება ეკრძალებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები