მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი-შიდა განვადების ინიციატივაზე: ეცდებიან, პროგრესად შემოგვთავაზონ ის, რაც გააფუჭეს

5c792cc4ef5ed
ლევან თაღიაშვილი
01.03.19 17:40
1434
საქართველოს პარლამენტის წევრი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი კოვზანაძის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის რეგულაციების ეფექტის შეფასება ადრეა, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კომპანიებმა შიდა განვადებების სისტემა უნდა დანერგონ.

„ქართული ოცნება" მიჰყვება ტრადიციულ მარქსისტულ ქმედებას - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. ახლა ეცდებიან, რომ პროგრესად შემოგვთავაზონ ის, რაც თვითონ გააფუჭეს და გააუარესეს. მთავრობა ერთი ხელით აფინანსებდეს „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ავეჯის საწარმოს ხონში და მეორე ხელით ზღუდავდეს ამ საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვას, ეს სრული აბსურდია და მიუთითებს თავიანთი პოლიტიკის და რეგულაციების გაუაზრებლობაზე", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე განმარტებით, საბანკო რეგულაციები გადახდისუუნაროთა ახალ კატეგორიას გააჩენს, რადგან გაყიდვების შემცირების შემდეგ ადამიანებს სამსახურების დატოვება მოუწევთ.

„საბანკო რეგულაციებმა დააქვეითა მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა, იქ სადაც ელასტიურობა გვაქვს, ეს მაშინვე აისახება გაყიდვებზე. რაც არ უნდა გაძვირდეს, ადამიანი ვერ მოიკლებს პურს, თამბაქოსაც, მაგრამ როცა საქმე მიდგება ავეჯზე, ტექნიკაზე, მაცივარზე და ა.შ. ბუნებრივია, ის ამას ვეღარ იყიდის. გაყიდვები აქამდეც არ იყო მაღალი.

ამ სფეროში ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩება, მათ თვითონ აქვთ სესხები და ახლა ეს ადამიანები გადავლენ უკვე გადახდისუუნაროთა კატეგორიაში. იმის მაგივრად, ვითომ კეთილშობილური მიზნებით მოსახლეობა დაიცვან, სინამდვილეში იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც ვეღარ იხდიდნენ ვალებს დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო, დაამატეს ადამიანთა ახალი კატეგორია: მშენებლობიდან გათავისუფლებული მუშა, ტექნიკის მაღაზიიდან გათავისუფლებული მომსახურე პერსონალი და ა.შ.“, - აღნიშნა მან.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, რადგან მთავრობამ "ნდობის კრედიტი" საბოლოოდ ამოწურა.

„ამ რეგულაციების გაუქმება თუ არა შერბილება მაინც, არის მოკლე ვადიანი გამოსავალი. ზოგადად, ეკონომიკის სწრაფი განვითარება გადატვირთვის გარეშე არ მოხდება. ამ ხელისუფლებას იმდენად აქვს ნდობის კრედიტი ამოწურული, სასამართლოზე აღარ ვლაპარაკობ, რომ მათ პირობებში რაც არ უნდა გააკეთონ, ეკონომიკა სწრაფად ვერ გაიზრდება, ნდობა არ არსებობს საზოგადოებაში. მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებშია ეს შესაძლებელი, ისიც თუ სწორი პოლიტიკა იქნება განხორციელებული. ამათ ხელში არაფერი არ იქნება", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები