მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი "ხუდონჰესის" წინააღმდეგ პოლიტიკურად მართულ პროცესებზე საუბრობს

59afc942300e5
BM.GE
06.09.17 14:08
1078
საქართველოს პარლამენტის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მართულ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატი არ აკონკრეტებს, ვის ინტერესებშია პროექტის შეფერხება, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები პროექტის საწინააღმდეგო განცხადებებს სწორედ პოლიტიკური ნიშნით აკეთებენ.

„მე მიმაჩნია, რომ ეს მართული პროცესია და სვანი მოსახლეობა ისეთი შეუგნებელი არ არის, ვერ ხვდებოდეს და არ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს პროექტი, მაგრამ ვიღაცას აწყობს, რომ ასეთი ამბავი აგორებული იყოს ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი პროცესები საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როდესაც „ხუდონჰესის“ მშენებლობა და სხვა მრავალი ობიექტი შეჩერდა, სწორედ რუსეთიდან იმართებოდა. მე ისეთი ხალხისგან მაქვს ეს ინფრომაცია მიღებული, რომელთაც ნამდვილად დაეჯერება. ახლა არ ვიცი რუსეთიდან იმართება, თუ აქედან“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ამ პროექტის შეფერხება შეიძლება, იმ ჯგუგების ინტერესებში იყოს, რომელთაც შეიძლება, „პოლიტიკურად აწყობდეს, რომ თავი მოიწონოს მოსახლეობისთვის, ვითომ გარემოს ზიანი ადგება და ამისთვის იბრძვიან“.

აქვე, არველაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინააღმდეგობის ფაქტორის მოხსნას შეძლებს.

„აქ გადასასახლებელია 180 ოჯახი სოფელ ხაიშიდან. მაგალითად, შედარებისთვის, ჩინეთში სამი ხეობის ელექტროსადგური რომ ააშენეს, 3 მლნ კაცი გაასახლეს დატბორვის ზონიდან. არ მგონია, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი პროექტი საბოლოოდ არ განხორცელდეს“, - მიიჩნევს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ "ხუდონჰესის" პროექტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ 19 აპრილს განაცხადა. მისი აზრით, სახელმწიფო ამ პროექტს უკეთ განახორციელებს. რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას "ხუდონჰესში" "ტრანს ელექტრიკასთვის", უცნობია. თანხას აუდიტი დაითვლის. თავად კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ კი „საქმის კურსთან“ რანდენიმე თვის წინ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონ დოლარზე მეტი უკვე დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები