მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი ზაალ დუგლაძე სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია - TI

645cbfd688c88
BM.GE
11.05.23 14:20
964
პარლამენტარი ზაალ დუგლაძე სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს

TI-ის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8,562,573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში.

"კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია დუგლაძეების ღვინის კომპანია, რომელმაც პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4,335,895 ლარი მიიღო.

დუგლაძეების ღვინის კომპანიას ეკუთვნის ასევე შპს ვარციხის კონიაკის ქარხანა, რომელმაც აგროკრედიტის პროგრამით ჯამში 83,086 ლარი მიიღო. დუგლაძეების კომპანიას რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულია ასევე სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა. კომპანიამ პროგრამით 29-ჯერ ისარგებლა და 3,899,176 ლარი მიიღო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ზაალ დუგლაძის ძმა, დავით დუგლაძე, წევრები კი - ზაალ დუგლაძის მეუღლე - ეკატერინე დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძე, ძმასთან და ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ასევე ფლობს კომპანიას - აისი ინკ, რომელმაც 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 2-ჯერ მიიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ჯამში 244,416 ლარი", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

BM.GE-ს ინფორმაციით, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა და შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია რუსეთში ღვინის ექსპორტიორ TOP-10 კომპანიას შორის არიან.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც წერდა. "დუგლაძის კომპანიებმა 2021 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამითაც ისარგებლეს და ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ძმები დუგლაძეები და ალექსანდრე ივანიშვილი, პარტია ქართულ ოცნებასაც აქტიურად სწირავენ თანხას. ზაალ დუგლაძემ პარტიას ჯამში 115,000 ლარი შესწირა, დავით დუგლაძემ - 162,000 ლარი, ხოლო ალექსანდრე ივანიშვილმა - 260,768 ლარი.

მას შემდეგ, რაც ზაალ დუგლაძე პარლამენტის წევრი გახდა, კომპანიებში საკუთარი წილი მართვის უფლებით მის ძმას, დავით დუგლაძეს გადასცა", - წერს TI.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები