დღეს, 5 თებერვალს დისტანციურად გამოიკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა პროკურორისა და დაცვის მხარის შეკითხვებს.
სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით დაიხურა. საფუძველი გახდა კომერციული საიდუმლოება.
ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი "ფორმულასთან" ამბობს, რომ ივანიშვილმა არც ერთ კითხვას, რომელიც დეტალებს ეხებოდა პასუხი არ გასცა.
"გამოკითხვის ნაწილი მიმდინარეობდა ძირითადად მონოლოგის რეჟიმში, ანუ, სულ რამდენიმე კითხვა იყო და ძირითადად ბიძინა ივანიშვილი ჰყვებოდა ამ ისტორიის თავისებურ ვერსიას. რაც შეეხება ჩვენს დასმულ კითხვებს - საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ყველას თავი აარიდა ივანიშვილმა. მან ზოგადად თქვა, რომ ეს მისი ინვესტიცია იყო და მას არ ევალებოდა არანაირი დეტალების ცოდნა ამის შესახებ, თუმცა მან დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, კონტრაქტი, მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის არის ინვესტორი. [...]
ვერც ერთ დეტალზე მან ვერ მოახდინა პასუხის გაცემა, უფრო სწორად, არ მოახდინა პასუხის გაცემა. როგორც კი მივდივართ საქმის დეტალებში და დოკუმენტებში, ყველგან თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო კრედიტი და არანაირი ივანიშვილის მტკიცებულება დოკუმენტური, რომ ეს იყო მისი ინვესტიცია, არ არსებობს. შესაბამისად, ცხადია, ის თავს არიდებდა ყველანაირ დეტალურ კითხვაზე პასუხის გაცემას და ამას ამოტივირებდა იმით, რომ ის ძალიან დიდი ინვესტიციების, დიდი თანხების მფლობელია და მისთვის მილიონ ნახევარი და ხუთი მილიონი სულაც არ არის ისეთი თანხა, რომ მას რაიმე დეტალები ახსოვდეს ამის შესახებ", - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილი სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმის აღძვრით დაემუქრა.
„ამჯერად იგი [ივანიშვილი] უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და მას ჰგონია, რომ ამ სტრუქტურაში გადამეტებული როლი და ფუნქცია აქვს სტრუქტურის მმართველო კომპანიას და მე. შესაბამისად, ის დამემუქრა მორიგი სისხლის სამართლის დევნით, თუ მე მის გარკვეულ მოთხოვნებს არ დავემორჩილები. ღიმილის მომგვრელია ეს მუქარა, რა თქმა უნდა, თუმცა ის არ ერიდება და სასამართლოს წინაშეც ბედავს სისხლის სამართლის დევნით დამუქრებას“ — თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა „ფორმულასთან“
3 თებერვალს პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად გამოკითხვა მოითხოვა. მიხეილ სადრაძემ საფუძვლად დაასახელა ივანიშვილის ასაკი და უსაფრთხოება.
ბიძინა ივანიშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.