მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ის ყოფილი ხელმძღვანელი, როლფ ბროიერი გარდაიცვალა

როლფ ბროიერი

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის, Deutsche Bank-ის ყოფილი თავმჯდომარე, როლფ ბროიერი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. Deutsche Bank-ის ხელმძღვანელობისას, როლფ ბროიერი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბანკირად ითვლებოდა, რადგან სწორედ გერმანელი სპეციალისტის მმართველობის პერიოდს ემთხვევა Deutsche Bank-ის მიერ ამერიკული Bankers Trust-ის $9 მილიარდად შეძენის გადაწყვეტილება, რომელიც, იმ დროს, უცხოური კომპანიის მიერ ამერიკული ბანკის შეძენის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო და გერმანული ბანკი გლობალურ მოთამაშედ აქცია. ამგვარად, სწორედ როლფ ბროიერის მმართველობის ქვეშ იქცა Deutsche Bank-ი ევროპის უდიდეს ბანკად აქტივების ზომის მიხედვით.

გერმანული ბანკის სათავეში როლფ ბროიერმა მხოლოდ რამდენიმე წელი გასტანა, კერძოდ 1997-დან 2002 წლის ჩათვლით, როცა ამ თანამდებობაზე ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ აკერმანმა შეცვალა. როლფ ბროიერმა საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა, მაგრამ 2006 წელს გადადგომა მოუწია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლით ადრე, როლფ ბროიერმა რამდენიმე საჯარო კომენტარი გააკეთა Deutsche Bank-ის დიდი კორპორაციული კლიენტის, ერთ დროს გერმანიის უდიდესი მედიაკონსორციუმის, Kirch Group-ის საკრედიტო მიმზიდველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორი ამ კომპანიისთვის საკრედიტო ხაზის გამოყოფას აღარ გეგმავს. ორი თვის შემდეგ, Kirch Group-მა თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადა და ეს ფაქტი - როლფ ბროიერს დააბრალა, რასაც რამდენიმე სამართლებრივი სარჩელი და დავა მოჰყვა. საბოლოო ჯამში, Deutsche Bank-ი მოსარჩელე მხარესთან მორიგდა, რაშიც 925 მილიონი ევრო გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები