გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის ამოქმედების შემდეგ ჩატარებული შემოწმებით საფრთხე არ დადასტურდა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.
უწყების ცნობითვე, ხეობაში დამონტაჟებულმა განგაშის სისტემამ სავარაუდო ღვარცოფული პროცესი დღეს, 13 აგვისტოს დააფიქსირა და სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი. აღნიშნული განგაშის სისტემა მდ.დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან დადარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























