მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერულ პროექტებში, რომლებიც ბანკის მიერაა დაფინანსებული, რისკები ძალიან დაბალია - უტიაშვილი

მშენებლობა უძრავი ქონება

იმ დეველოპერულ პროექტებში, რომლებიც ბანკის მიერაა დაფინანსებული, რისკები ძალიან დაბალია - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა „საქმის კურსის“ ეთერში უძრავი ქონების ბაზარზე მომრავლებული შიდა განვადებების პრაქტიკაზე საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე დეველოპერული კომპანიების შიდა განვადებები ფინანსური სტაბილურობისთვის სისტემური რისკი არაა.

თუმცა მისივე თქმით, მომხმარებლებმა დეველოპერის შერჩევისას და მსგავსი პროდუქტებით სარგებლობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

“უძრავი ქონების ბაზარზე შიდა განვადებები ქართული ინოვაცია არ არის, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ვნახავთ იგივე პრაქტიკას. ჩვენ მაინც ვრჩებით ჩვენი მანდატის ფარგლებში, რომელიც არის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. იმ დეველოპერულ პროექტებში, რომლებსაც შიდა განვადებებიც აქვს, მაგრამ ბანკისგანაც აქვს სესხი აღებული, ამ შემთხვევაში გვაქვს დეველოპერების დაკრედიტების მითითებები, რომელიც ჯანსაღ პრაქტიკას უზრუნველყოფს. ანუ იქ, სადაც ბანკია ჩართული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტები არის სრულად ჯანსაღი და რისკები არის ძალიან დაბალი, ანუ საბანკო სექტორი არის ამ რისკებისგან დიდწილად დაცული და პირდაპირ ფინანსურ სტაბილურობას აქედან საფრთხე არ უდგას.

საფრთხე სად შეიძლება შეიქმნას, ეს არის ცალკეული მომხმარებელი, რომელმაც შესაძლოა, არც ისე ჯანსაღ დეველოპერთან შეიძინა ბინა და აკეთებს შიდა განვადებას და ამან შეუქმნას პრობლემა. მაინც ეს უფრო მომხმარებლების დაცვის რისკია. ამიტომ ჩვენ გასულ წელს იპოთეკური სესხების მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შევარბილეთ, რომ როგორმე გვებიძგა ხალხისთვის, გადმოსულიყვნენ ფორმალურ საბანკო სექტორში და აქ აეღოთ სესხი. თუმცა ჩვენ პრაქტიკას ვხედავთ, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალიან ეგზოტიკურია, მაგალითად, 10-წლიანი უპროცენტო შიდა განვადება. როდესაც მომხმარებელს ამას სთავაზობს დეველოპერი, მისთვის ძალიან ძნელია რამენაირად ბანკში ნახოს ალტერნატივა, სადაც საპროცენტო განაკვეთი შეიძლება 12% იყოს. ამიტომ გვესმის ეს რატომ ხდება, თუმცა ამწუთას ვერ ვხედავთ, რომ ეს არის რაიმე სისტემური რისკი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაიმე ჩარევის საჭიროებას ამწუთას ვერ ვხედავთ, თუმცა მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ იყვნენ ყურადღებით, ფრთხილად შეარჩიონ ის დეველოპერები, რომლებსაც ხედავენ, რომ აქვთ კარგი გამოცდილება, აქვთ ჯანსაღი მაჩვენებლები და მომხმარებელმა ასე ინფორმირებულად მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები