მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი“ სამ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს - ინვესტიცია $300 მილიონია

6460b4f4afd1d
ლიკა მეგუთნიშვილი
14.05.23 14:42
5175
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს. ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯგუფმა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე „ბიოგრაფის“ ბრენდით ახალი კომპანია დააფუძნა.

როგორც „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი და კომპანია „ბიოგრაფის“ დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე BMG-სთან აცხადებს, კომპანიის დაფუძნების მიზანი, ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა.

„უძრავი ქონების ბაზარზე „ვისოლ ჯგუფი“ უკვე 15 წელია ოპერირებს, თუმცა ჩვენ იმ მიმართულებით ვმუშაობდით, რაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობას არ მოიცავდა. ეს იყო კომერციული უძრავი ქონება და ამ მიმართულებით არაერთი სავაჭრო ცენტრი ავაშენეთ. უძრავი ქონების ბაზარი ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იყო. ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი, წესი და ფორმა, შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ ახლა სწორედ ის დრო იყო, როდესაც ეს გაბედული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა და იმ სეგმენტში შევსულიყავით, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იყო. ვფიქრობთ, ჩვენი ბრენდის გამოჩენა დეველოპერულ ბაზარს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. მომხმარებელს იმ პროდუქტს შევთავაზებთ, რასაც დიდი ხანია ელოდება“, - აცხადებს ლევან ფხაკაძე.

კომპანია „ბიოგრაფი“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირებზე სამ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს, რომლებიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს მოიცავს. „საკენი“, „მატიანი“, „ჰისნი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის მქონე კომპლექსები იქნება.

როგორც „ბიოგრაფი“-ს დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე განმარტავს, სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონი დოლარი იქნება. თითოეული პროექტი კი, მშენებლობის დაწყებიდან 42 თვეში დასრულდება.

„სამივე პროექტი იქნება გამორჩეული თავისი ერგონომიკითა და დიზაინით. პროექტის დამუშავებაში ძალიან ძლიერი არქიტექტორები და დიზაინერები არიან ჩართულები. პირველი პროექტის - „საკენის“ მშენებლობა ვაჟა-ფშაველას #25-ში უკვე დავიწყეთ. ეს არის ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორია და აქ აშენდება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ასევე კომერციულ სივრცესთან იქნება ინტეგრირებული. კორპუსი 37-სართულიანი იქნება. პირველ 8 სართულზე კომერციული უძრავი ქონება განთავსდება, ხოლო დანარჩენი - საცხოვრებელი ბინები იქნება. რაც შეეხება დარჩენილ პროექტებს. წერეთლის გამზირზე მშენებლობას სექტემბერში დავიწყებთ და მალევე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირზეც“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფი“-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან ფხაკაძემ.

ლევან ფხაკაძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს საცხოვრებელი კომპლექსები, მათი ადგილმდებარეობიდან, სერვისითა და ხარისხიდან გამომდინარე, ძირითადად საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი.

„ბიოგრაფი“ ბევრი რამით იქნება განსხვავებული ბაზარზე, ის თანამედროვე ტექნოლოგიებს შემოიტანს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა კომპლექსი უნიკალური და გამორჩეული იყოს. აქ იქნება სხვა სიცოცხლე. ჩვენი მაცხოვრებლები ამ კომპლექსებში ყველა საჭირო პირველად სერვისს მიიღებენ. თითოეულ მათგანში იქნება სავაჭრო ობიექტები, კაფე-ბარები, რესტორნები, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუზები და ა.შ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად დავზოგოთ ადამიანების დრო და ენერგია და მაქსიმალურად ეფექტიანი და კომფორტული გავხადოთ მათი ცხოვრება“, - აღნიშნა ლევან ფხაკაძემ.

„ბიოგრაფის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანია დეველოპერულ პროექტებს თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო-მეგობრული მიდგომებით განახორციელებს.

„ამ კუთხით ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ძალიან ბევრი პარტნიორი კომპანია უკვე შევიძინეთ და ძალიან დიდ ყურადღებას გავამახვილებთ ენერგოეფექტურობასა და საფასადო მასალებზე. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქს ისეთი ობიექტები და ისეთი იერსახე ვაჩუქოთ, რასაც ის იმსახურებს. თბილისი არის ულამაზესი ქალაქი, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ოდნავ სახე იცვალა და კარგია, რომ ახლა ისევ ეს ტრენდი ბრუნდება და ისევ ყველა დეველოპერი ვიზრუნებთ, რომ ეს ქალაქი გავალამაზოთ“, - განაცხადა „ბიოგრაფი“-ს დამფუძნებელმა, ლევან ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები