მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეველოპერული კომპანიები - ქვეყანაში გრძელვადიანი პროექტები ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ ხორციელდება

57fe380a17e11
BM.GE
12.10.16 17:16
2890
დეველოპერული კომპანიები გრძელვადიან პროექტებს რამდენიმე მიზეზის გამო არ ახორციელებენ. ამის შესახებ განცხადებას დეველოპერული კომპანიების პირველი პირები „კომერსანტთან" მას შემდეგ აკეთებენ, რაც საქართველოში უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ს დამფუძნებელმა საშა ტერნესმა რადიო „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა აქვს.

საშა ტერნესის განმარტებით, უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტი პოზიციებით აქვთ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც აშენებენ სახლებს და მალევე ყიდიან. „ძალიან ცოტა მოთამაშეა გრძელვადიანი ხედვით, რომელიც აშენებს სახლებს იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და გრძელვადიანი გაქირავებით მიიღოს შემოსავალი. " - აცხადებს ტერნესი.

„კომერსანტი" დაინტერესდა, რატომ არ ინტერესდებიან დეველოპერული კომპანიები გრძელვადიანი პროექტების განხორციელებით და რატომ ანიჭებენ უპირატესობას მოკლევადიან პროექტებს?

სამშენებლო კომპანია „ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ორი პრობლემაა. პირველი, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და მეორე, გასაქირავებელ ობიექტებზე შემცირებული მოთხოვნა. მისი თქმით, ასეთი პროექტების დროს, კომპანია მიზერულ შემოსავალს მიიღებს,შესაბამისად, დიდი ინვესტიციის ამდენი ხნით გაჩერება არ უღირს.

„საცხოვრებელი კორპუსების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო მცირე იქნება. კომერციულს კიდევ უფრო აქვს ფასი. დეველოპერისთვის კი ეს კომერციულად არც საინტერესოა და არც მომგებიანი. ვინც მშენებლობას იწყებს, ასე თუ ისე, მაინც გაყიდვებზეა მიბმული. ყველას აქვს იმის რესურსი, რომ დაიწყოს, საძირკველი ამოიყვანოს, 3 სართულამდე ააშენოს, თუმცა, თუ გაყიდვები არ დაახმარა, კატასტროფამდე შეიძლება მივიდეს. ჩვენ გვქონდა მსგავსი შემთხვევები,მაშინ კომერციული ფართები ვერ გავაქირავეთ"-აცხადებს ჯაყელი.

კომპანია „რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ სრულად ეთანხმება საშა ტერნესის მოსაზრებას, თუმცა, ამბობს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი პროქეტებით დეველოპერების არ დაინტერესების მიზეზი ფინანსური სახსრების ნაკლებობაა. მისი თქმით, დღეს სამშენებლო კომპანიები დიდ კაპიტალს ვერც სესხის სახით იზიდავენ.

როგორც პაპაშვილი განმარტავს, კომპანია „რედიქსი" ძირითადად მსგავსი, გრძელვადიანი პროექტებით არის დაკავებული და მას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. მცირე კომპანიები კი ასეთ დიდ კაპიტალს ამდენი ხანი ვერ გააჩერებენ. მისი თქმით, პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.


„ჩვენ უამრავი გრძელვადიანი პროექტი გვაქვს. ვაქირავებთ საოფისე ფართებს, სასტუმროებს. რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსებში გრძელვადიან პროექტებს, ვთვლი, რომ უამრავი ქონებაა მიწოდებული ბაზარზე გასაქირავებლად,შედეგად, ასეთ სეგმენტში შესვლა და განვითარება ცოტა გაჭირდება. აპარტოტელის პრინციპით თუ იმუშავებს, შეიძლება მომგებანი იყოს და გაამართლოს"-აცხადებს პაპაშვილი.
დეველოპერული კომპანია "ჯიდიჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ დღეს კლიენტების 20-25 პროცენტი ბინებს გაქირავებისთვის ყიდულობს. შედეგად, ბაზარი გაჯერებულია და დეველოპერების ამ სეგმენტში შესვლა კომერციულად მომგებიანი არ იქნება.


„ჩემს მიერ აშენებულ კორპუსებში 1-2 ოთახიანი ბინები ძალიან სწრაფად იყიდება. საზოგადოება უძრავ ქონებას შემდგომში გაქირავებისთვის ყიდულობს. დეველოპერი კი იმის დეველოპერია რომ უნდა აშენოს, გაყიდოს და შემდეგ ახალი დაიწყოს. მსგავსი პროექტები მომგებიანი იქნება, თუმცა, ეს ბიზნესის სხვა სფეროა. შენ თუ მშენებელი ხარ, უნდა აშენო და გაყიდო. მე ასე მიმაჩნია"-აცხადებს წაქაძე.

commersant.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები