საკრებულოს ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თბილისის ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ არის და ამ მიმართულებით აუცილებელია, იმ სექტორების გააქტიურება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანს.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე BM.GE-თან ამბობს, რომ მოუხედავად იმისა, რომ დეველოპმენტი წამყვანია დღეს თბილისის ეკონომიკისთვის, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დედაქალაქში ტურისტული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული პროგრამების შემუშავებაზე, იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორიდან საქართველოს ბიუჯეტმა უფრო მეტი თანხები მიიღოს.
“ამ ეტაპისთვის დეველოპმენტი არის თბილისში პირველი ბიზნესი და მიმართულება, რაზეც ყველაზე მეტი აქცენტები კეთდება. ტურისტული მიმართულება შეიძლება იყოს საინტერესო თბილისისთვის. ამაზე გვქონდა ჩვენ გარკვეული შეხვედრები შესაბამის სამსახურებთან, მიდის მუშაობა რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში გარკვეული პროგრამები დავნერგოთ, რაც ქალაქის ბიუჯეტს უფრო გაამდიდრებს, დამატებით შემოსავლებს შესძენს. დღეს მაინც დეველოპმენტი თბილისის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია.”- ამბობს ირაკლი ხელაძე.
გასული კვირის მიწურულს ირაკლი ხელაძეს საკრებულოში მუშაობის ბოლო დღე ჰქონდა, შესაბამისად, ქონებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის რანგში BM.GE-თან ბოლო ინტერვიუ ჰქონდა. ხელაძემ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.