აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებს ითხოვს. ცვლილებების პაკეტი უკვე დარეგისტრირებულია.
პროექტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახის წევრი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გარდაიცვლება, ეს საცხოვრებელი ბინის ფართზე არ აისახება. დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება, რომლის მიხედვით, დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.
"გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგ, დევნილები უფლების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგან ვიდრე სასამართლო დავები მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში საჩივრდება გადაწყვეტილებები, დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს, შეიძლება, ერთი ან რამდენიმე წევრი გამოაკლდეს. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო მხოლოდ იმ დროისთვის არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობს, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი ოჯახის შემადგენლობაში აღარ ითვლება. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვით, დევნილს იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი მიენიჭება, ვიდრე ოჯახს სრული შემადგენლობით უნდა მიეღო", – ნათქვამია განმარტებით ბარათში.