დევნილ ოჯახს, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ, შესაძლოა, ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდეს და მან ისეთი საცხოვრებელი მიიღოს, როგორსაც ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის განხილვას "ქართული ოცნებით" დაკომპლექტებული პარლამენტი დღეს აპირებს.
"კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ საცხოვრებელ ფართზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე/ფულადი დახმარების გაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე", - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მოამზადა. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით ნაწილზე იმოქმედებს.
"არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, წელიწადში 12 დევნილი ოჯახი მიიღებს დამატებით თანხას ან საცხოვრებელ ფართს, რომლის ჯამური ღირებულება წლის ჭრილში იქნება 204 000 ლარი, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამურად 36 ოჯახი მიიღებს დამატებით სიკეთეს, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯის გაძვირებას 612 000 ლარით", - აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტში, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტს ვახტანგ ყოლბაიამ უნდა წარუდგინოს, წერია, რომ დღეს არსებული პრაქტიკით, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილ ოჯახს ქულათა რაოდენობა აკლდება. პროექტში წერია, რომ აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან ის არაერთ გამოწვევას ქმნის.
"დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ ოჯახის გრძელვადიანი განსახლება ხორციელდება არსებული ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. წევრის გარდაცვალება აისახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანების მიხედვით ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე, კერძოდ ოჯახს აკლდება ქულა ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი მომართვიანობით გამოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად, ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი ვერ მიიღებს იმ ფართობის საცხოვრებელს, რაც უნდა მიეღო ოჯახის წევრის გამოკლებამდე.
ამის პარალელურად, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგ, დევნილები უფლების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგანაც, სანამ სასამართლო დავები მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში საჩივრდება გადაწყვეტილებები, დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება გამოაკლდეს ერთი ან რამდენიმე წევრი. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ დროისთვის არსებული მონაცემებით, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი უკვე აღარ ითვლება დევნილი ოჯახის შემადგენლობაში. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვითაც, დევნილს იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი მიენიჭება , ვიდრე ოჯახის სრული შემადგენლობით უნდა მიეღო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ მათ შეუნარჩუნდეთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების უფლება პირვანდელი მდგომარეობით", - აღნიშნულია კანონპროექტში.