საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა უკრაინიდან დევნილი ოჯახების 300-ლარიანი დახმარების და ოჯახის წევრებზე თვეში 45 ლარის სოციალური შემწეობების გაცემა - ამას ითვალისწინებს "ოცნების" მთავრობის 4 ივლისის განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ამ სოციალურ დახმარებას მთავრობა 2022 წლის 13 ივლისიდან გასცემს და ის რეგულარულად ხანგრძლივდება.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ყოველთვიურად ამ დახმარებაზე დაახლოებით 900,000-950,000 ლარი იხარჯება.
„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის N1254 განკარგულების შესაბამისად სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა დახმარების გაცემას ოჯახზე თვეში 300 ლარის ოდენობით, ხოლო საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად - პირზე 45 ლარის ოდენობით. ამ მიზნით იანვარში დახმარება გაეწია 2 400 ოჯახს (4 330 პირს), თებერვალში - 2 556 ოჯახს (4 578 პირს), მარტში - 2 487 ოჯახს (4 461 პირს),"- ნათქვამია 2025 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
შესაბამისად, ამ დახმარების წლიური ხარჯი დაახლოებით 10-11 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს და ის ქვეყანაში მუდმივად მყოფი უკრაინელი დევნილების რაოდენობაზე არის დამოკიდებული.




























