სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოში შესაბამისი ნებართვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით 35 პირი დასაქმდა და მათზე ჯამურად 177,480 ლარის შრომის ანაზღაურება გაიცა, რითაც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.
დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული გარემოება კანონმდელობის მოთხოვნების არათანმიმდევრული დაცვის შედეგად მოხდა.
ამასთან, აუდიტის თანახმად, საბიუჯეტო პროგრამის მიზნების მისაღწევად და დასახული ამოცანების შესასრულებლად, პროგრამის ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 10 ფიზიკურ პირს; მათგან, 3 პირის მიერ შესრულებულია: დევნილთა განსახლების ობიექტში წითელი ხაზებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კონფიგურაციის კორექტირება, ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაშია მოყვანილი, შედგენილია საკადასტრო გეგმა.
აღნიშნულ სამ სპეციალისტს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდნენ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ პროგრამის ხელმძღვანელის ისეთ დავალებებს, როგორიცაა, ობიექტების დათვალიერება და საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდების შესაბამისად არსებული ნახაზების დადარება ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ტექნიკური დოკუმენტების შესწავლა და ანალიზი.
დანარჩენი 4 პირი საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე ახორციელებდა პროგრამით განსაზღვრულ სხვა აქტივობებს.
როგორც დადგინდა, დაფიქსირდა საშტატო თანამშრომლების ფუნქცია-კომპეტენციისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება/ზედდება, რის გამოც დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად გამოყენების ფაქტები.