"აჭარა ჯგუფმა" აბასთუმანში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შესაბამის განცხადებას თავად "აჭარა ჯგუფი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციამ, რომელსაც DFC-ის ფინანსური დირექტორი სტივენ დუგანი ხელმძღვანელობდა, ადგილზე დაათვალიერა სასტუმრო რუმს აბასთუმანის სამშენებლო პროცესი და გაეცნო პროექტის მიმდინარეობას.

"რუმს აბასთუმანი" ისტორიული სანატორიუმი არაზინდოს რესტავრაციის პროექტია, რომელიც საქართველოში გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სასტუმრო, რომლის კონცეფციაც აბასთუმნის უნიკალურ ბუნებასა და სამკურნალო კლიმატს ეფუძნება, 71 ოთახს და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.

რუმს აბასთუმანის პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარა ჯგუფი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც DFC-ის გრძელვადიანი დაფინანსება საქართველოს რეგიონებში სასტუმროს განვითარების პროექტისთვის მოიზიდა. სასტუმროს გახსნა 2027 წლის ზაფხულში იგეგმება.





























