მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დგანან თუ არა ბანკები მევახშეების, ონლაინსესხებისა და ლომბარდების ბიზნესის უკან?

5739c5f0203e3
BM.GE
16.05.16 17:05
2080
საქართველოში ე.წ. მევახშეებისა და ონლაინსესხების კომპანიების მომსახურებით სარგებლობის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. პრობლემა იმდენად გამწვავდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, ამ ორივე მიმართულებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედება დაიწყო. კერძოდ, კერძო მევახშეებს სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაუდგინეს, ხოლო ონლაინ სესხების რეგულაციას ახლო მომავალში ეროვნული ბანკი დაიწყებს.
 
საქართველოში ბანკების ალტერნატიული დაფინანსების წყარო ასევე არის ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი საკმაოდ მაღალ ფასად ემსახურებიან კლიენტებს, რომლებსაც ბანკებმა დაფინანსებაზე უარი უთხრეს.

რატომ მივიდა ქვეყანა ისეთ ვითარებამდე, როდესაც აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები მოსახლეობის გაღარიბების ერთერთ მექანიზმად იქცა და ახლა ხელისუფლებას უწევს ამ სფეროს დარეგულირება?

ქვეყანაში კერძო გამსესხებლების ინსტიტუტისა და ონლაინ სესხების კომპანიების სიმრავლე მახინჯი საბანკო სისტემის შედეგია – ასეთია ამ კითხვაზე ეკონომისტ დემურ გიორხელიძის პასუხი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინ სესხების კომპანიებისა და ლომბარდების საქმიანობასთან ბანკების კავშირის შესახებ მანამდეც არაერთხელ თქმულა. მეტიც: ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ბანკები არა მხოლოდ ობიექტურად უწყობენ ხელს ასეთი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ მათ შექმნაში.
ცნობილი ფაქტია, რომ მაღალრისკიანი მომხმარებლის დაფინანსებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოკავშირეები ბანკები არიან, რომლებიც ამ ორგანიზაციებზე სესხებს გასცემენ.

ამასთან, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდების დიდი ნაწილის მფლობელები ხშირ შემთხვევაში უშუალოდ ბანკები ან ბანკების მოქმედი ტოპ-მენეჯერები და მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი ფინანსური ჯგუფები არიან. (ცხადია, იურიდიულად მათი სახელები არსად ფიგურირებს, თუმცა ეს ფაქტობრივ მდგომარეობას არ ცვლის). მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ასეთი ვითარებაა ონლაინ სესხების კომპანიების შემთხვევაშიც. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ხშირად, ონლაინ სესხების კომპანიების უკან კომერციული ბანკები დგანან.

სქემა მარტივია - ბანკები მარტივად აკრედიტებენ საშუამავლო ფინანსური საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ ბანკებისგან შედარებით იაფად აღებულ სესხებს უკვე გაზრდილი საპროცენტო ღირებულებით გასცემენ. მათი საპროცენტო განაკვეთი 24-36%–საც კი არწევს. ასეთი მაღალმარჟიანი ბიზნესი დღეს სხვა სფეროებში რთულად წარმოსადგენია. ამგვარი მარტივი სპეკულაციური სქემის საშუალებით ბიზნეს სექტორებში ხვდება ძალიან ძვირი ფული. ქართული საფინანსო სექტორი ყოველწლიურად სოლიდურ მოგებაზე გადის, ხოლო ეკონომიკის დანარჩენი სფეროები ძვირი ფულის გამო მუდმივად თავის გადარჩენის რეჟიმში არიან.

ეს სქემა კანონმდებლობით აკრძალული არ არის და არც მარეგულირებელი ორგანოს მიერ კონტროლდება.

საბანკო ექსპერტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ თანამშრომლობის არაფორმალური ურთიერთობები კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს შორის შეიმჩნეოდა, ამას კი კანონმდებლობა არ კრძალავს. რაც შეეხება ლომბარდს, კაპანაძის განმარტებით, ლომბარდი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ქალაქში რაოდენობრივად თითქმის ერთი და იგივეა, რადგან მათ დაფუძნებას არ სჭირდება დამატებითი პროცედურები. ამიტომ, ვინც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს ხსნიდა, ის აუცილებლად ლომბარდსაც აკეთებდა.

რაც შეეხება ონლაინ სესხებს, კაპანაძის განცხადებით, ეს სეგმენტი იმდენად სწრაფად მზარდია, რომ მათ კომერციულ ბანკებს სერიოზული კონკურენცია გაუწიეს. შედეგად, ბუნებრივია, ბანკებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ პროცესებში ჩაერთონ და გარკვეული სეგმენტი თავადაც დაიჭირონ. რაც შეეხება ამის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, კაპანაძე ამბობს, რომ შესაბამის შეფასებას დამატებითი არგუმენტები სჭირდება.

"ონლაინ სესხების კომპანიებმა გირაოს გარეშე დაიწყეს სესხების გაცემა. არ არის გამორიცხული, რომ კომერციულ ბანკებს სურვილი ჰქონოდათ პროცესში ჩართულიყვნენ, ამაში კი ცუდი და საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული რეგულაციები სჭირდება. მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ურთიერთობაში გარკვეული ხარვეზებია, რა დროსაც მსესხებელი ხშირ შემთხვევაში მოტყუებული რჩება. ეს კი ხელშეკრულებით უნდა დარეგულირდეს და არა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესებით, როგორც საუბარი მიმდინარეობს,"- აცხადებს კაპანაძე.

მისივე ინფორმაციით, კომერციული ბანკების მხრიდან ონლაინ სესხების კომპანიების ან ლომბარდების ფლობა უნდა განვიხილოთ როგორც არაპროფილური ბიზნესი, რომლის დაშვებაც წინა ხელისუფლების დროს არასწორი იყო. მიუხედავად ამისა, ექსპერტი თვლის, რომ კომერციულ ბანკებს თავიანთი მოგების ხარჯზე შეუძლიათ დააფუძნონ ონლაინ სესხების კომპანია ან თუნდაც ლომბარდები, თუმცა, არა დეპოზიტების ხარჯზე.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე კი ამბობს, რომ ოფიციალურად ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაფუძნებულია რომელიმე კომერციული ბანკის მიერ. მისი ინფორმაციით, „მიკროინვესტი" იყო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელიც იყო „ინვესტბანკი", თუმცა, დღეს ასეთი შემთხვევები ნაკლებად ხდება, რადგან ბაზარზე სიტუაცია შეიცვალა.

მისი თქმით, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით მათი უმრავლესობის დამფუძნებელია უცხოური კაპიტალი. „ეს საქმიანობა დაფინანსებულია ესტონეთიდან, ლიტვა-ლატვიიდან, თუმცა გვხვდება ადგილობრივი ინვესტიციებიც. რომელიმე ბანკმა რომ დააფუძნოს რომელიმე მიროსაფინანსო ორგანიზაცია, ამაში ამ დროისთვის კანონდარღვევა არ არის, თუმცა, ეს არის სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკს არაპროფილური აქტივის ფლობა არ უნდა შეეძლოს, რადგან ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან და მათ შორის წილის ფლობა ბანკებისთვის გამოიწვევს იმას, რომ მოკლავს კონკურენტს. რაც რეალურად მოხდა კიდეც ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ბანკმა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ყველა ოპერატორი გააჩერა და გამოვიდა ისე, რომ საბანკო სისტემის კონკურენტი სისტემა არ განვითარდა"-აცხადებს კუკულაძე.

კომერსანტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები