მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან კინოთეატრები იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევს მაყურებელს?

606dc6399fc0a
ინგა მურუსიძე
08.04.21 00:30
1277
10-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საქართველოში კინოთეატრები  იხსნება. Cavea-ს ქსელის მარკეტინგის დირექტორ სალომე კუპრაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს კინოსეანსზე დასასწრებად ბევრი ახალი წესის დაცვა მოუწევთ.

„გვაქვს ბევრი ახალი ფილმი და ბევრი ახალი წესი. კინოთეატრში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ისე, როგორც ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის სეანსის განმავლობაში. ვამკაცრებთ დასუფთავების წესებს და ვემზადებით, რომ მაყურებელმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ხშირად ჩავუტარებთ ჩვენს თანამშრომლებს პერიოდულ ტესტირებებს", - განაცხადა კუპრაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სეანსებს შორის შესვენება 30 წუთი იქნება, რადგან ადმინისტრაცია გეგმავს, რეკომენდაციების შესრულების მიზნით, დარბაზები დაასუფთაოს.

აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვა ონლაინ უკვე დაიწყო. „კავეას“ წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, რამდენი ბილეთია, დაახლოებით, გაყიდული, მაგრამ ამბობს, რომ „ინტერესი დიდია“.

ამასთან, სალომე კუპრაშვილი კინოთეატრების მუშაობისას პრობლემად მიიჩნევს ე.წ. "კომენდანტის საათს". მისი თქმით, გავლილი ერთი წელი ძალიან რთული იყო, ხოლო არსებული შეზღუდვები მუშაობას კიდევ უფრო ართულებს, თუმცა მომავლის იმედი აქვთ.

„ე.წ. კომენდანტის საათის გამო მაყურებლების დიდ რაოდენობას არ ველოდებით, დარბაზებშიც შემცირებულია დაშვებული მაყურებლების რიცხვი; დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო - მაყურებლები ერთი სკამის გამოტოვებით დასხდებიან“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ კინოსეანსებზე ბილეთების ფასი არ გაძვირებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები