ბრიტანეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს ლონდონში ბიგ-ბენის ცნობილი კოშკის საათი ბოლოჯერ დარეკავს, რადგან მისი სარემონტო სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.
ელისაბედის კოშკზე, სადაც საათია დამონტაჟებული, სარემონტო სამუშაოები იწყება. სპეციალისტები კოშკს რესტავრაციას ჩაუტარებენ და მთლიანად დაშლიან საათის მექანიზმს, ასევე ციფერბლატი გაიწმინდება და მექანიზმებსაც გამოცვლიან. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 37 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
არსებული ინფორმაციით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ბიგ-ბენი 2021 წლამდე არ იმუშავებს. მანამდე საათი მოკლევადიანი რემონტისთვის მხოლოდ სამჯერ 1983, 1985 და 2007 წლებში გააჩერეს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საათის მექანიზმის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება იმ მუშების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაწყვიტეს, რომლებიც ბიგ-ბენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ლონდონის მთავარი საათის რეაბილიტაციისთვის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან მოწვეული.
ბიგ-ბენის ზედამხედველის სტივ ჯაგსი განმარტებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კოშკში გაჩნდება ისეთი პირობები, როგორიცაა: ლიფტი, სამზარეულო და ტუალეტი. გარდა ამისა, შენობა უფრო ენერგოეფეტური გახდება.
აღსანიშნავია, რომ ბიგ-ბენი ბოლო 157 წელის განმავლობაში თითქმის შეუჩერებლად მუშაობდა. მისი წონა 13,7 ტონაა და იგი ზარს ყოველ ერთ საათში რეკს.

























