დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აგრარული ბაზრები დაიხურა- განუცხადა BM.GE-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.
გუბერნატორის განმარტებით, ეს ღონისძიება იძულებითია და ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.
„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰქონდა ჩვენს რეგიონში კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, ასევე - წალენჯიხაში. ასევე, ის რისკი, რაც არის ბაზრებში, ვგულისხმობ ნაღდი ფულის მოძრაობას, დისტანციის დაცვის პრობლემებს, იძულებულს გვხდის, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ალექსანდრე მოწერელია.
BM.GE-ის კითხვაზე, დახმარებას თუ აღმოუჩენს მთავრობა ბაზრობებზე დასაქმებულებს, რწმუნებულმა თქვა, რომ მოვაჭრეებისთვის ცალკე, რაიმე სახის კონკრეტული ღონისძიება არ იგეგმება. მოწერელია მათ, ამ პერიოდში, ალტერნატიულ მარკეტებთან და სუპერმარკეტებთან თანამშრომლობას ურჩევს.