დღეიდან, სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლი გამკაცრდა.
დღეიდან, შრომის ინსპექტორებთან ერთად სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების მონიტორინგში აქტიურად ერთვება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
როგორც უწყებაში BM.GE-ის განუცხადეს, დღეიდან ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მშენებლობებზე ორმაგ კონტროლს განახორციელებენ.
უწყების ცნობითვე, ადამიანური რესურსის დამატება არ მომხდარა და მონიტორინგის გაორმაგება არსებული კადრების ფარგლებში განხორციელდება.
დღეიდან შრომის ინსპექციის დეპარტამენტთან ერთად მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოებას ინტეგირებული ჯგუფები შეამოწმებენ, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 3 უწყების წარმომადგენლებისგან, ესენია: ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, შრომის ინსპექცია და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერისა და კერძო სექტორის 13 ივნისის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
შეხვედრის მიზანი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც, პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ.

























