მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეიდან სახელმწიფო პროგრამა – საკრედიტო–საგარანტიო სქემა ამოქმედდება

5ca12f145ff29
დავით ჯალაღონია
01.04.19 09:00
5895
დღეიდან სახელმწიფო პროგრამა – საკრედიტო–საგარანტიო სქემა ამოქმედდება. 

აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 29 მარტს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა. როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, ამ პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

ამასთან, მთავრობა ირწმუნება, რომ პროგრამის განხორციელება ეკონომიკის დაკრედიტებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამა 20 მილიონი ლარით ფინანსდება.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ საკრედიტო საგარანტიო სქემის ბენეფიციარებმა?

მთავრობის დადგენილების მიხედვით:

ბენეფიციარის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარს;

ბენეფიციარის სასესხო ვალდებულებები არ უნდა აღემატებოდეს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ახალ საწარმოს ხსნის, მან სესხის აღებიდან არა უგვიანეს 24 თვის განმავლობაში საქმიანობა უნდა დაიწყოს; თუ პროგრამით მოსარგებლე საწარმოს უკვე ფლობს, მაშინ ეს ვადა 12 თვემდე მცირდება.

ბენეფიციარმა წარმოების/მომსახურების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში საქმიანობის პროფილი უნდა შეინარჩუნოს.

პროგრამის ფარგლებში კომერციულ ბანკში სესხის მიღების პირობები

კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური − 2 მილიონ ლარს. სესხის მაქსიმალური მოცულობა თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში არ იცვლება;

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 2 მილიონ ლარს;

მეწარმე სუბიექტის მიერ უკვე აღებული კრედიტის (არა ამ პროგრამის ფარგლებში აღებული კრედიტის) რეფინანსირების შემთხვევაში, საკრედიტო გარანტია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ნამეტ თანხაზე;

პროგრამის ფარგლებში სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა;

საკრედიტო გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან არა უმეტეს 10 წლის განმავლობაში;

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კომერციული ბანკი სესხს მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებში გასცემს;

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110%–ს;

პროგრამის მიმართულებები და მიზნობრიობა

საკრედიტო გარანტია გაიცემა მხოლოდ შემდეგი ორი მიზნობრიობით:

ა) წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისთვის საჭირო კაპიტალური ხარჯებისთვის − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მოცულობის არანაკლებ 80%–ისა;

ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მოცულობის არა უმეტეს 20%–ისა.

საკრედიტო გარანტიის ლიმიტები

პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა:

ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული პორტფელის არა უმეტეს 15 პროცენტის ოდენობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არა უმეტეს 70 პროცენტის ოდენობაზე;

მთავრობის დადგენილებაში (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4523390?publication=0) მოცემულია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით შესაძლოა, დაფინანსდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები