მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 13 ასოციაცია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორის ინიციატივას წარადგენს

6007c0edbdd43
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 09:54
1594
დღეს, 11:00 საათზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი 13 ასოციაცია ერეკლე II-ის ქუჩაზე ჩაკეტილი რესტორნების ფონზე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისო ინიციატივას წარადგენს. ამის შესახებ BM.GE-ის პრესკონფერენციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს.

დარგთაშორისი ინიციატივა 6 პუნქტისგან შედგება და რეგულაციების შესაბამისად ყველა იმ ობიექტის ამოქმედებას მოიცავს, რომელიც დღეის მდგომარეობით დაკეტილია ან შეზღუდვებით მუშაობს.

BM.GE-ი შეზღუდული და შეჩერებული კერძო სექტორის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი, 1 თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა, უფრო მეტიც, სხვა და სხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე (ე.წ მესამე ტალღა).

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა).

უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები რომალსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნეს სექტორი.

სანამ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა და შექმნილი მდგომარეობიდან მცირე გამოსავალი, აუცილებელია, ეპიდემიოლოგთა მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება.

აუცილებელია:

1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით).

გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;

2. აღდგეს საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაცია, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.

ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერთაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას.

3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით);

სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კარძო სექტორის ტერიტორიებზე.

4. შიდა და გარე ტურიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; 

დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა.

5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება;

ასეთი ამუშავების წარმეტებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.

6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე, საბაგირო გზეების.

საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი რეგიონების ამუშავების და გადარჩენის პერსპექტივა.

თუ კი ამის მისაღწევად აუცილებელია მასიური ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის სუბსიდირება.

ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია დარგთაშორის ინიციატივაში.

აღნიშნულ გეგმას უერთდებიან და იზიარებენ: საქართველოს რესტორატორტა ასოციაცია (200 000 პერსონალი); საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (15 000 პერსონალი); საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია (400 პერსონალი); საქართველოს რითეილერთა ასოციაცია (25 000 პერსონალი); საქართველოს დისტრიბუტორტა ასოციაცია (15 000 პერსონალი); საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (70 000 პერსონალი); საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (30 000 პერსონალი); საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (3 000 პერსონალი); საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია (17 000 პერსინალი); საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (50 000 პერსონალი); საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორი“ (2 000 პერსონალი); მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია (1 000 პერსონალი); საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია (500 პერსონალი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები