აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27, 28 და 29 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მედიას ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.
მისი განმარტებით, დღეს, 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
"რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია - "ვარკეთილი", "დიდუბე", "სადგურის მოედანი", "მარჯანიშვილი", "სარაჯიშვილი".
ასევე, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს, დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს – 80 ერთეულამდე. მგზავრობა იქნება უფასო", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

























