მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს ბინა არ გაიყიდება, 6 თვეში - აბაზანა, მომდევნო 6 თვეში კი - ტელევიზორი"

5cc8606606adf
ლევან თაღიაშვილი
30.04.19 23:10
1184
სამშენებლო კომპანია „არსის“ დამფუძნებლის თორნიკე აბულაძის განცხადებით, ის აქტივობა, რომელიც დღეს მშენებლობის სექტორშია, იმ პროექტებს მოიცავს, რომელთა ნებართვების უმეტესობაც 2017 წლის 1 იანვრამდე იყო გაცემული.

ამის შესახებ აბულაძემ "საქმის კურსში" მშენებლობის დარგში ეკონომიკური აქტივობის შემცირების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

"მშენებლობა 2-3 წლიანი პროცესია, შესაბამისად, ე.წ. საბანკო რეგულაციების ეფექტს და ეკონომიკის შემცირებას რეალურად ამ პერიოდის შემდეგ დავინახავთ, როცა მიმდინარე პროექტები ამოიწურება", – აცხდებს აბულაძე.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია ექნება, რადგან ეკონომიკის სექტორები ერთმანეთზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.

"უძრავი ქონების სექტორის შემცირება  ცალსახად აისახება ტექნიკის, ავეჯის და სხვადასხვა ტიპის მაღაზიებზე. როდესაც ჩვენ ვერ ვყიდით ბინას, ეს ნიშნავს, რომ 6 თვეში აბაზანა ვეღარ გაიყიდება, მომდევნო 6 თვეში უკვე ტელევიზორი და ფარდა და ა.შ. რეალურად ამას მოჰყვება კომპლექსური ქმედებები, რადგან ტექნიკას ან ავეჯს ძირითადად მაშინ ყიდულობენ, როდესაც ახალ ბინაში გადადიან", - განმარტავს აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის დარგში ეკონომიკური აქტივობის შემცირებაა. კონკრეტული რიცხვი, თუ რამდენად შემცირდა მარტში ამ სექტორში ჩართული კომპანიების ბრუნვა მითითებული არაა, თუმცა ხაზგასმულია, რომ ზრდა ნეგატიური იყო.

სამშენებლო სექტორის შემცირება 2018 წელს დაიწყო. გასულ წელს ამ დარგში აქტივობამ 3.1%-ით იკლო. 



 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები