დღეს, 11 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია მართავს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას „ბიზნეს-სტუდენტური წლიური პროგრამა“ (Business to Students annual Program). პროექტი განხორციელდა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა მიზნად ისახავდა ბიზნეს განათლების მქონე ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ქართულ ბიზნეს სექტორთან დაკავშირებას და მათი პროფესიული უნარების განვითარებას. მეორეს მხრივ, პროექტში ჩართულ კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეზარდათ პროდუქტიულობა, აღმოეჩინათ ახალი ხედვის მქონე კადრები და მიეღოთ საკუთარ პრობლემებსა და გამოწვევებზე საინტერესო გადაწყვეტები.
B2S წლიურმა პროგრამამ გააერთიანა ბიზნეს-ადმინისტრირების სტუდენტები საქართველოს ოთხი წამყვანი უნივერსიტეტიდან და რვა ქართული ბიზნესი სხვადასხვა სექტორიდან. გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს გამოწვევების მარათონში და შესთავაზეს კომპანიებს გადაჭრის გზები კომპანიის მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ. ყველა კომპანიის ქეისზე იმუშავა ორმა გუნდმა. ჯამში 8 ქეისი - 16 გუნდი. პირველ ეტაპზე კომპანიებმა მოახდინეს შეთავაზებების შეფასება და გამოავლინეს ფინალისტები.
ფინალისტმა რვა გუნდმა უნდა წარმოუდგინოს გადაწყვეტილებები პროგრამის ჟიურის წევრებს, რომლებიც შეარჩევენ და გადასცემენ ჯილდოს საუკეთესოდ მიჩნეულ გუნდს. ჟიური წარმოდგენილია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - ICC, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია კრისტალი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა. ბიზნეს სექტორიდან წარმოდგენილი კომპანიებია: ლივინგსტონი, ტენე, ტურები.ჯი, ფაბერი, ვაზის კალამი, სიგმა ბიზნეს სერვისი, ვიდუფუდი და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.
პროექტის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ბიზნეს ქეისის გადაწყვეტა. გამარჯვებულ გუნდსა და კომპანიას ერთობლივად ქეისის პრობლემის განსახორცილებელად პროექტისგან გადაეცემა ჯილდო 5000 ლარი, თავის მხრივ კომპანია აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩადებს დამატებით 5000 ლარს.

























