დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოში სამოქალაქო დავას იწყებენ.
იურისტ კახა კოჟორიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დღეს 13:00 საათზე ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ, ხოლო 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
„რუსთავი 2"-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ - ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.
პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ - ერთმა წაართვა „რუსთავი 2“, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა.
შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება“, - წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.