საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეგიონალურ შეხვედრებს განაგრძობს.
კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს, შიდა ქართლის რეგიონში, გორში გაიმართება.
კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას დეტალურად გააცნობს.
დაგეგმილია შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
ასევე, კობა გვენეტაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა და ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მაკროეკონომიკურ მიმოხილვას გააცნობს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ზუსტი ინფორმაცია ექნებათ მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და ქვემო ქართლში.

























