მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა ომის დაფინანსებას ნიშნავს - ბესო ნამჩავაძე

62c140c46f592
მარიამ ადამია
03.07.22 11:50
858
„დღეს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა ომის დაფინანსებას ნიშნავს,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში საწვავის იმპორტის ზრდის ტენდენციის შეფასებისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები უფრო იაფიან ბაზრებზე გადაეწყვნენ და რუსეთიდან იმპორტი გაზარდეს. 2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 7%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 45%-ით გაიზარდა.

“ფაქტია, რომ მორალური ფაქტორი ამ ხალხს არ აკავებს, საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან და კონკურენტულ ფასად ყიდიან. რუსეთიც თავის სასარგებლოდ იყენებს შექმნილ ვითარებას და ქვეყნებს 10-15% -ით უფრო ნაკლებ ფასად სთავაზობს ნავთობს, ვიდრე მაგალითად - საუდის არაბეთი. შესაბამისად, არიან ადამიანები და ბიზნესები, რომლებიც ამ შემოთავაზებას თანხმდებიან,” - განაცხადა ბესო ნამჩავანძემ.

ცნობისთვის, რუსეთს ნავთობისა და გაზისგან, სულ მცირე დღეში მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს, რაც წელიწადში დაახლოებით, $350-360 მლრდ-ის შემოსავალია.

“ესაა რუსეთის მთავარი დაფინანსების წყარო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღეს ნავთობის გაიაფება ანუ რუსეთის ეკონომიკა რომ ჩამოიშალოს, საჭიროა, ნავთობის ფასი შემცირდეს. ომამდე რაც იყო, იმაზე ქვევით უნდა წამოვიდეს. ბარელი, დაახლოებით, $75-ზე ნაკლები უნდა ღირდეს და ამასთან ერთად, დასავლურმა დიპლომატიამ უნდა მოახერხოს და მესამე სამყაროს განვითარებადი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მომართოს. თუ ეს ორივე ერთად მოხდება ან თუნდაც ერთ-ერთი მაინც, რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. მათ უბრალოდ აღარ ექნებათ ფული ძვირიანი ომისთვის და სავარაუდოდ, უკრაინას დაზავებას შესთავაზებს,” - აღნიშნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები