გადამზიდავი კომპანიები და დარგის ექსპერტები, მას შემდეგ რაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, საქართველოს მიმართ გაზრდილ მოთხოვნასა და ინტერესზე საუბრობენ. უფრო მეტიც, მათი მოლოდინით, რუსეთის პორტებში არსებული შეფერხებების გამო, გარკვეული ნაკადები შესაძლოა საქართველოში შემოვიდეს.
„ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოგლიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს აქვს შანსი, რეალურად გახდეს ე.წ კარი ევროპასა და აზიას შორის. მისი თქმით, ამ მიმართულებით შებამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ის ბიუროკრატიული ბარიერები, რაც არსებობს უნდა მოიხსნას, ეს კი საქართველოს მიმართ ინტერესსს გაზრდის.
“ვინაიდან რუსეთის პორტები გემებს ვეღარ მიიღებენ, ჩვენ უფრო აქტუალურები ვხდებით. ჩვენ, ბიზნესმა და სახელმწიფომ უნდა გადადგას პრაგმატული ნაბიჯები, რაც ამ კორიდორის სისწრაფის გაზრდაში გამოიხატება. უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ნებართვები და ნაკლები ბიუროკრატია. რაც შეიძლება მეტი მოძრაობა უნდა მოვიზიდოთ ჩვენკენ. ეს როგორც ჩვენ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიას, ისე დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს ბიზნესს. დღეს გვაქვს შანსი, რომ ჩვენი ე.წ აბრეშუმის გზა არ იყოს მხოლოდ ტრაფარეტული სიტყვები და ჩვენი ქვეყანა გახდეს კარები ევროპასა და აზიას შორის", - ამბობს „ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოგლიძე.