მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია

6156f16569d7a
ინგა მურუსიძე
02.10.21 07:00
561
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე სამ ბიულეტენს მიიღებენ - ერთი, რომლითაც მუნიციპალიტეტის მერი უნდა აირჩიონ, მეორე, რომლითაც მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა აირჩიონ საკრებულოში, ხოლო მესამე ბიულეტენით ამომრჩეველი საკრებულოში ამა თუ იმ პარტიის პროპორციულ სიას აირჩევს.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე იხსნება და კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. კანონით, დღის განმავლობაში აკრძალულია საარჩევნო აგიტაცია და ზეწოლა ამომრჩეველზე. თავის მხრივ, ამომრჩეველი ვალდებული არ არის, მისი არჩევანის შესახებ ინფორმაცია ვინმეს აცნობოს. საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლების შედეგები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციის დაკვეთით რამდენიმე უცხოური კომპანია ითვლის, 20:00 საათამდე არ უნდა გამოქვეყნდეს.

ცესკო-ს მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში სულ 3 497 345 ამომრჩეველია, რომელმაც არჩევანი ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ 84 ოლქში უნდა გააკეთოს.

არჩევნებს დააკვირდება, საარჩევნო სუბიექტების 21 083 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 წარმომადგენელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 დამკვირვებელი.  არჩევნებს გააშუქებს 109 მედიის 2 927 წარმომადგენელი.

სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი დედაქალაქის მერობის კანდიდატებისადმი.
თბილისის მერობისთვის 16 პოლიტიკური სუბიექტის ამდენივე წარმომადგენელი იბრძვის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი - კახა კალაძე, „გახარია - საქართველოსთვის“ კანდიდატი - გიორგი გახარია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - ნიკა მელია, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი - თამარ კეკენაძე, საარჩევნო სუბიექტი „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ კანდიდატი - არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ და ა.შ.

გარდა ამისა, პროპორციული საარჩევნო სია და მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს წარდგენილი ცესკო-ში არაერთ პოლიტიკურ პარტიას თუ მოძრაობას. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოლქში იყრის კენჭს. ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, ოლქების გადანაწილება და ოპოზიციის კანდიდატს ოპონენტად თავისი კანდიდატი აღარ დაუყენა.

ძირითადი საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი, რომელსაც ყველაზე მეტი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, ასე გამოიყურება: „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი”, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული“, „გახარია - საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)”, „გირჩი“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება”, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი”, „სახალხო პარტია”,„ევროპელი დემოკრატები”, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”, „ანა დოლიძე - ხალხისთვის”, „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“, „ევროპელი სოციალისტები”, პროგრესი და თავისუფლება”, „კანონი და სამართალი” და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები